”გურჯაანის ნაყინმა” სეზონისთვის საბავშვო ნაყინი გამოუშვა
”გურჯაანის ნაყინი” ზაფხულის სეზონს განახლებული ასორტიმენტით ხვდება.
როგორც კომპანიის წარმომადგენელი ლელა ბერიკაშვილი ”ბიზნესპარტნიორთან” აცხადებს, ახალი ხაზი გაყიდვაში ორი კვირის წინ ჩაეშვა. ამასთან, კომპანიამ აღადგინა ქიშმიშიანი ნაყინის წარმოება სახელწოდებით ”ქებული”, რომელიც ქსელურ მარკეტებში უახლოეს პერიოდში გამოჩნდება. კომპანიის წარმომადგენელი განხორციელებული ინვესტიციის მოცულობას არ აკონკრეტებს.
კიდევ ერთი მიმართულება, რაზეც ბერიკაშვილი ყურადღებას ამახვილებს, ნაყინის დიაბეტური ხაზია, რომელიც 2020 წელს ჩაეშვა და დღემდე ძალიან პოპულარულია როგორც დიაბეტის მქონე პაციენტებში, ასევე ჩვეულებრივ მომხმარებლებშიც.
რაც შეეხება მიმდინარე სეზონს, როგორც ლელა ბერიკაშვილი აღნიშნავს, უამინდობის გავლენა იგრძნობა და რეალიზაციის ტემპი აპრილი-მაისის მდგომარეობით, შემცირებულია.
ლელა ბერიკაშვილის ინფორმაციით, ”გურჯაანის ნაყინის” შეძენა ძირითადად ქსელური მარკეტების და მცირე სასურსათო მაღაზიების მეშვეობით არის შესაძლებელი, თუმცა წარმოება ჯერჯერობით ყველა რეგიონს ვერ ფარავს.
”წელს „მადაგონში“ შევედით, წარმოდგენილი ვართ ასევე ,,ფრესკოში” და რამდენიმე ქსელურ მარკეტში, კერძო მაღაზიებშიც ძალიან პოპულარულია ჩვენი ნაყინი, თუმცა მომავალ წელს ვაპირებთ, რომ კიდევ უფრო მეტი ქსელი მოვიცვათ და მეტად ხელმისაწვდომი გავხდეთ. რეგიონებიდან სვანეთს და სამეგრელოს რამდენიმე მუნიციპალიტეტს ჯერჯერობით ვერ ვფარავთ, მაგრამ ეს დანაკლისიც დროთა განმავლობაში შეივსება”, – აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი.
ბერიკაშვილის ინფორმაციით, აქტიური სეზონი ივნისიდან დაიწყება და სექტემბრის ბოლომდე გაგრძელდება. რაც შეეხება პროგნოზს, მისი თქმით, გაყიდვების დინამიკა დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე, მთავარი კი ამინდის შესაძლო გავლენაა.
ცნობისთვის, „გურჯაანის ნაყინს“ შპს „აისი“ მართავს. კომპანია ბაზარზე 1971 წლიდანაა. საწარმო გურჯაანში მდებარეობს.