ახალი ამბები

დახლზე მოვაჭრეებისთვის სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულება გადავადდა

კანონპროექტის ავტორი საქართველოს ფინანსთა სამინისტროა, რომლის მიერ მომზადებულ განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ კანონპროექტის შემუშავების მიზეზი არის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი შეღავათების გარკვეული ვადის გაგრძელების აუცილებლობა, შეღავათების გაუქმებით გამოწვეული უარყოფითი შედეგების თავიდან აცილების მიზნით.
საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არასწორად მიაჩნია არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“. ორგანზიაცაში აცხადებენ, რომ გადავადება ქვეყანაში არსებულ საგადასახადო ადმინისტრირების პრობლემებს კიდევ უფრო ამძიმებს.

„2012 წლიდან მოყოლებული ყოველ 6 თვეში ერთხელ გრძელდება ვადა და საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულებისაგან თავისუფლდებიან ზემოაღნიშნული ფიზიკური პირები, მაშინ როდესაც ბაზრობების ტერიტორიაზე ბევრი ობიექტის ბრუნვა, სავარაუდოდ, საკმაოდ მაღალია“,- აცხადებენ „საერთაშორისო გამჭვირვალობაში“.

მათივე ინფორმაციით, განმარტებით ბარათში აღნიშნული „უარყოფით შედეგებში“, სავარაუდოდ, კონკრეტული პირების უკმაყოფილება იგულისხმება.

„ეს ცვლილება ეკონომიკური საქმიანობით დაკავებულ საკმაოდ ბევრ ადამიანს შეეხება, მთავრობა, სავარაუდოდ, მოერიდა არაპოპულარული ნაბიჯის გადადგმას. ამ მანკიერი ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში, საეჭვოა ცვლილების ამოქმედება თუნდაც ერთი წლის შემდეგ მოხდეს, რადგან 2016 საარჩევნო წელია და, როგორც წესი, მთავრობის გადაწყვეტილებები ასეთ დროს დიდწილად საარჩევნოდ არის ხოლმე მოტივირებული“,- აღნიშნავენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.

რადიკალურად განსხვავებული მოსაზრება აქვს მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით „მცირე და საშუალო ბიზნესის ასოციაციის“ ხელმძღვანელ მიხეილ ჭელიძეს. ჭელიძე მისალმება გადავადების გადაწყვეტილებას და აცხადებს, რომ საქართველო ჯერ დახლებზე მოვაჭრეებისთვის სალარო აპარატების ვალდებულების შემოსაღებად მზად არ არის.

მისივე თქმით, აქ სახელმწიფოს სხვა გათვლაც აქვს. ჭელიძე განმარტავს, რომ სალარო აპარატის ვალდებულების შემოღების შემთხვევაში კანონის აღსრულება უფრო ძვირი დაჯდება, ვიდრე აქედან შემოსული შემოსავალია.