ახალი ამბები

რას მოიცავს ქართული ღვინის პოპულარიზაციის 2015 წლის სამოქმედო გეგმა

მინისტრმა ოთარ დანელიამ სააგენტოს ბოლო ორწლიანი საქმიანობა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მხრიდან ღვინის ინდუსტრიის მხარდაჭერა კიდევ გაგრძელდება:
„ღვინის ეროვნული სააგენტოს ძალიან ამბიციური და რეალური სამოქმედო გეგმები აქვს. სააგენტოს საქმიანობა სწორი მიმართულებით მიდის, რომლითაც მივაღწევთ იმას, რომ საქართველოში წარმოებული იქნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხარისხის და პოპულარული ღვინო ევროპაში“, – აღნიშნა ოთარ დანელიამ. 
სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი სამანიშვილმა ქართული ღვინის პოპულარიზაციის 2015 წლის სამოქმედო გეგმა და ხარისხის კონტროლისა და სავალდებულო სერტიფიცირების ახალი სისტემაზე ისაუბრა. სამანიშვილის თქმით, 2015 წელს სააგენტოს მიერ 2013-2014 წლებში დაწყებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის რეფორმები გაგრძელდება. კერძოდ, სააგენტოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: საკანონმდებლო ცვლილებები – დარგის წარმომადგენლებთან შეთანხმებით „ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში“ ცვლილებების შეტანა; 2015 წლის იანვრიდან სერტიფიცირების ახალი წესის ლოტის სერტიფიცირების შემოღება; ვენახების კადასტრის პროგრამის გაგრძელება; ღვინის ნაშთების აღწერის, დეკლარაციებისა და სერტიფიცირებაზე განცხადებების წარდგენის ელექტრონული აღრიცხვიანობის სისტემის დანერგვა; ბაზრების დივერსიფიკაციაზე მიმართული მარკეტინგული ღონისძიებები და სტრატეგიულ ბაზრებზე ქართული ღვინის პრომოცია.