მედია კაფეში გენდერული თანასწორობის შესახებ იმსჯელეს
დისკუსია ახალგაზრდების მონაწილეობით „საინფორმაციო კამპანია გენდერული თანასწორობისათვის“ პროექტის ფარგლებში „მედია კაფეში“ ჩატარდა,
რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრაზე განხილული იყო გენდერული თანასწორობის საკითხები. დისკუსიის სპიკერმა გიორგი ბეჟანიშვილმა (უცხომ) ახალგაზრდებს მოკლედ გააცნო გენდერული თანასწორობის მნიშვნელობა და პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით მიმოიხილა არსებულ რეალობაში ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევები და მიზეზები.
,,ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი სახის დისკუსიების ჩატარება, რომლებშიც ჩართულები არიან ახალგაზრდები. ბოლო დროს ქვეყანაში არსებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ ძალიან ხშირად ხდება ძალადობის შემთხვევები, ასევე ხშირი იყო პარტნიორის მიერ მეუღლის მკვლელობის ფაქტებიც. თუ არ იქნება ამ კუთხით განათლების ხელშეწყობა და საზოგადოების ინფორმირება, ამ შემთხვევაში, პრობლემა თავს არ დამალავს. ამიტომ ჯობია, რომ მეტი შეხვედრა ჩატარდეს და იყოს საუბარი ამ საკითხებზე. მე მოხარული ვარ, რომ ამ პროცესში ვიღებ მონაწილეობას”, – განუცხადა knews.ge-ს გიორგი ბეჟანიშვილმა.
პროგრამას „მედია ცენტრი კახეთი“ „კახეთის სამოქალაქო ლიგის“ მხარდაჭერით ახორციელებს. კახეთის სამოქალაქო ლიგის პროგრამული დირექტორისა და კახეთში გაეროს ერთობლივი პროექტის კოორდინატორის თინათინ ხანჯალიაშვილის განცხადებით, საინფორმაციო კამპანია მნიშვნელოვან როლს ასრულებს სამოქალაქო განათლებისა და მოქალაქეთა ინფორმირების ამაღლების თვალსაზრისით.
„ამჟამად „კახეთის სამოქლაქო ლიგის“ მხარდაჭერით გენდერული მიმართულებით სამი პროექტი ხორციელდება თელავში, საგარეჯოსა და ყვარელში. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ გენდერული თანასწორობის მიღწევას საინფორმაციო, საგანმანანათლებლო და საზოგადოებრივი ჩართულობის მექანიზმებით და ამ მიმართულებით ახალგაზრდების მონაწილეობა უაღესად მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისათვის“, – განაცხადა თინათინ ხანჯალიაშვილმა.

