ახალი ამბები

სოფელ კაჭრეთში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

თეა წულუკიანის თქმით, სოფელ კაჭრეთის საზოგადოებრივ ცენტრში ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება, სოფლიდან გაუსვლელად ისარგებლოს საჯარო და ყველაზე მოთხოვნადი კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისით. დაბადების მოწმობის, პირადობის დამადასტურებელი საბუთის, ქონების რეგისტრაციისა და საბანკო მომსახურებით სარგებლობისათვის ადგილობრივ მცხოვრებთ მუნიციპალურ ცენტრში წასვლა აღარ მოუწევთ, რაც მათ თანხებისა და დროის დაზოგვის საშუალებას მისცემთ. 
მისივე თქმით, უახლესი ტექნიკით აღჭურვილ შენობაში კაჭრეთის მცხოვრებთ ადგილობრივი კადრები − თანასოფლელები, მოემსახურებიან. საზოგადოებრივ ცენტრში იმუშავებს უფასო ინტერნეტი, კომპიუტერები და ვიდეოკონფერენციის აპარატურა.
საზოგადოებრივი ცენტრები ხელმისაწვდომი იქნება ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, აგრეთვე, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისათვის. მათ საშუალება ექნებათ, კომფორტულ გარემოში შეხვდნენ მოსახლეობას, მიაწოდონ ინფორმაცია, იმსჯელონ აქტუალურ საკითხებზე, დაგეგმონ და ჩაატარონ სხვადასხვა ღონისძიება. ცენტრში განთავსებულია გამგებლის წარმომადგენლის ოფისიც. აღსანიშნავია, რომ სოფელ კაჭრეთში 4000–მდე ადამიანი ცხოვრობს, ხოლო ამავე სოფლის გარშემო განლაგებულ სოფლებში 15 000–მდე მაცხოვრებელია რეგისტრირებული, რომლებსაც ასევე შეუძლიათ მუნიციპალურ ცენტრში წასვლის გარეშე ადგილზევე მიიღონ ასობით სერვისი.
საზოგადოებრივი ცენტრების მიზანი სოფლის მოსახლეობისათვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდება და ადგილობრივი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაა, რაც სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას უნარ-ჩვევების განვითარების ახალ შესაძლებლობებს მისცემს. საზოგადოებრივი ცენტრის კონცეფცია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს პროექტის, „ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში“ ფარგლებში შეიქმნა, რომელიც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.