გურჯაანში საახალწლო ღონისძიებები აღარ გაიმართება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსის, ეკა ბეროშვილის თქმით, ქალაქში საახალწლო ღონისძიება, ყოველგვარი დაფინანსების გარეშე, 30 დეკემბერს ჩატარდება.
,,ის ღონისძიებები, რომლებიც საახალწლოდ იყო დაგეგმილი, აღარ ჩატარდება. თავიდან ეს მხოლოდ იდეის დონეზე იყო და ტენდერი ამაზე გამოცხადებული არ გვქონია. შემდეგ კი გადაწყდა, რომ სოციალური პაკეტისთვის დაემატებინათ ის 18 ათასი ლარი, რომელიც საახალწლოდ იყო გათვალისწინებული. კულტურის ცენტრი კი კონცერტს ადგილობრივი ძალებით 30 დეკემბერს ჩაატარებს ”,-განუცხადა Knews.ge-ს ეკა ბეროშვილმა.
გავრცელებული ინფორმაციით, 18 ათასი ლარი, რომელიც საახალწლოდ ადგილობრივი ბიუჯეტიდან უნდა გახარჯულიყო, გურჯაანის გამგეობის საჯარო მოსამსახურეების პრემიებს უნდა მოხმარდეს.
აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი, ნატო გონგაძე. მისი თქმით, დაგეგმილია პრემიების გაცემა, მაგრამ არა საახალწლო ღონისძიებების გაუქმების ხარჯზე.
,,გაიმართა სესია, სადაც გადაწყდა, რომ საახალწლოდ 180 ათასი ლარის ოდენობის ფარგლებში ყველა საჯარო მოხელეზე გაიცემა პრემია, ერთი სახელფასო სარგოს ოდენობით. იმ ფაქტს კი არ ვადასტურებთ, რომ საახალწლო ღონისძიებებიდან გამოთავისუფლებული თანხა პრემიებში გადაირიცხა”,-განუცხადა knews.ge-ს ნატო გონგაძემ.

