ძალადობის ლაბირინთი
ამ მხრივ, განსაკუთრებით, მძიმე სიტუაციაა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში, სადაც ქალს ქმრის გარეშე გარეთ გახედვის უფლება არ აქვს.
ექსპერტების განმარტებით, სტატისტიკურად დადგენილია, რომ ევროპაში 5 დან 1 ქალზე განხორციელებულა ოჯახური ძალადობა მეუღლისგან ან პარტნიორისგან. საქართველოში ეს რიცხვი გაცილებით მაღალია. ოჯახური ძალადობა შეიძლება იყოს, როგორც ფიზიკური, ასევე, ფსიქოლოგიური.
კახეთის ერთჶერთ მუნიციპალიტეტში მცხოვრები მაია 16 წლის იყო, როდესაც თავისზე ორი წლით უფროს მამაკაცს ცოლად გაჰყვა. 14 წლის თანაცხოვრების მანძილზე, რომელიც, მისი თქმით, გაჭირვებით გადაიტანეს, სამი შვილი ეყოლათ. მაია ამბობს, რომ მას მეუღლე ყოველთვის ამცირებდა, ხელითაც ეხებოდა და ღალატობდა, მაგრამ რაკი პატარა და გამოუცდელი იყო, ამ ყველაფერს უპასუხოდ იტანდა.
,,ოჯახი რომ შევქმენით, ძალიან პატარები ვიყავით, მე 16 ის 18 წლის. სამი შვილი გეყოლა. ძალიან გვიჭირდა, მაგრამ რაღაცნაირად მაინც გაგვქონდა თავი. ყოველთვის მღალატობდა, ხელმრუდე იყო, მუდმივად ციხის კარებთან ვიდექით, მაგრამ 14 წელი ჩემი გამოუცდელობით ამ ყველაფერს გავუძელი იმის იმედად, რომ ყველაფერი გაივლიდა. ვფიქრობდი, რომ ქმრად თუ არ ივარგებდა, კარგი მამა მაინც იქნებოდა. 14 წლის მანძილზე, რაც ერთად ვიცხოვრეთ, სამჯერ დაიჭირეს. ყოველ დაჭერაზე მეუბნებოდა ეს ბოლოა და ამის მერე სულ თქვენთან ვიქნებიო, მაგრამ ეს გაგრძელდა წლები და ბოლოს ციხიდან რომ გამოვიდა, უკვე დიდი შვილები გვყავდა. მეგონა, გვერდში დაგვიდგებოდა, მაგრამ შევცდი. მეტი რა უნდოდა, კარგად რომ მოქცეულიყო, არ ვიცი. მისი ოჯახი არ იყო შერცხვენილი და ყველა პირობა ჰქონდა ტკბილად ეცხოვრა. მოვიდა თუ არა სახლში, მაშინვე დაიწყო ჩვენთვის შეურაცხყოფის მოყენება,’’-ამბობს ძალადობის მსხვერპლი.
მაიას თქმით, მას ქმარი ხშირად სცემდა და ბავშვებსაც სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, დამამთავრებელ კლასში მყოფ გოგონას კი, ხელითაც ეხებოდა.
,,ბავშვებს ლანძღავდა. არ ფიქრობდა, რომ ისინი უკვე დიდები იყვნენ. ჩემზე რომ აღარაფერი ვთქვა, გოგონას ხელითაც ეხებოდა. ცუდად რომ მექცეოდა, ვმალავდი, არ მინდოდა ბავშვების ყურამდე მისულიყო, მაგრამ თვითონვე ხედავდნენ ყველაფერს. მხედავდნენ ნაცემს, ცხვირგატეხილსა და თვალჩალურჯებულს. უფროსი ბიჭი უკვე აგრესიული ხდებოდა მამის მიმართ და ამბობდა, რომ მოვკლავო. მან არ იცოდა, რომ მის დასაც ეხებოდა ხელით,’’ ჶიხსენებს მაია.
ძალადობის მსხვერპლის თქმით, მეუღლის აგრესიულობის მიზეზს ვერ ხვდებოდა, ამ ყველაფერს კი ისიც ართულებდა, რომ ის ნარკოდამოკიდებული იყო, რის გამოც ოჯახში პრობლემები ხშირად ჰქონდათ.
,,უცნაური ადამიანი იყო და როდის რაზე გაბრაზდებოდა ვერ გაიგებდი. გარდა ამისა, ყოველთვის ვიცოდი, რომ ჰყავდა საყვარელი, ამას არც მალავდა. როცა სახლში მოდიოდა, ვეხვეწებოდი მისთვის არ დაერეკა. ვეუბნებოდი, ბავშვებს მაგას ნუ დაანახებ, რა მაგალითი უნდა მისცე ჶ მეთქი. სულ აგრესიული იყო. ერთხელ მძინარეს დამესხა თავს, მგუდავდა, მახრჩობდა და ძლივს გადავრჩი. მთვრალი იყო თუ რა სჭირდა, ვერ მივხვდი. მეშინია, სადმე არ შემხვდეს, არ მინდა მისი დანახვა.’’
მაიას განმარტებით, მეუღლის ციხეში ყოფნის პერიოდში ძალიან გაუჭირდა, ყოველდღიურად მინდორში ფიზიკურად მუშაობდა, რომ შვილებისთვის საჭმელად პური მაინც ეყიდა.
,,ჩემები მეხმარებოდნენ რითაც შეეძლოთ. მეც ფიზიკურად ვმუშაობდი ძალიან ბევრს, არაადამიანურად. ყველანაირ სამუშაოზე ვთანხმდებოდი, ეს იქნებოდა მინდორში გასვლა თუ სხვა მძიმე სამუშაო, ასევე ვმუშაობდი სკოლაში დამლაგებლად, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი ჩემს შვილებს ეს არ მოეწონებოდათ, რადგან თვითონაც იქ სწავლობდნენ. მაგრამ ჩვენ ისე გვჭირდებოდა ფული, ესეც გადავლახეთ, ’’ჶ აცხადებს ძალადობის მსხვერპლი.
ძალადობის მსხვერპლი იხსენებს, რომ მისი ქმარი ყოველთვის უხასიათო იყო, თუმცა დიდი პრობლემები ბოლოს მისი ციხიდან გამოსვლის შემდეგ დაიწყო. მისი განმარტებით, იმის გამო, რომ გაღიზიანებულ მამას შვილები არ მოეკლა, მასთან დაშორება გადაწყვიტა, რომლის შემდეგაც უამრავ სირთულეს წააწყდა.
,,ჩემს ქმარს როდესაც შევატყვე, რომ ყოველდღიურად უარესებს აკეთებდა და შეიძლებოდა, რომ ჩემი შვილი მამის მკვლელი გამხდარიყო, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გავსულიყავით ცალკე. ის ამას არ ელოდებოდა. ყველაფერს რომ ვითმენდი, მიჩვეული იყო. პირადი ნივთები, რაც წამოვიღეთ, მაგის მეტი არაფერი გამოგვატანა. სხვების თანდასწრებით მეუბნებოდა, მოდი სახლში, შენ ისევ ჩემი ცოლი ხარო, ხოლო ტელეფონზე რომ მირეკავდა, ძალიან ცუდ რამეებს მეუბნებოდა, მემუქრებოდა, იცოდე, მოგკლავო, მეშინოდა და ვიმალებოდი, ახლაც არ გავდივარ გარეთ.’’
მაიამ სახლიდან წამოსვლის შემდეგ, პოლიციას დასახმარებლად მიმართა, რომ ქმრის სახლიდან პირადი ნივთების გამოტანაში დახმარებოდა, თუმცა უშედეგოდ. მისი თქმით, იმის გამო, რომ სახლში აღარავინ ცხოვრობდა და დაკეტილი იყო, მას უარი უთხრეს დახმარებაზე.
გარდა ამისა, მაია ამბობს, რომ მისნაირი პრობლემების მქონე ხალხი საქართველოში დაუცველია, რადგან მოძალადეს გამორიდებულს თავის გადასარჩენად სამსახურის შოვნაც არ შეუძლია.
,,ბავშვებისთვის თბილი ტანსაცმელის წამოღება მინდოდა, მაგრამ ვერ მოვახერხე. პოლიციაში მითხრეს, დავუკავშირდებით შენს ქმარს და ნივთებს სახლიდან ისე გამოგატანინებთო. უკვე ერთი თვეა, არავინ შემოგვხმიანებია. იმ სახლიდან მე სხვისი ნივთების გამოტანას ხომ არ ვაპირებდი, ის ჩემი ნაყიდი ტანსაცმელი იყო. ამის მერე ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ დაუცველი ვარ. გარდა ამისა, სამსახურს ვეძებდი და ვერსად ვიშოვე. არავინ მყავდა, რომ სადმე დავესაქმებინე, იმედგაცრუებული დავრჩი. საზღვარგარეთ წასვლაზეც ვფიქრობდი, მაგრამ ჯერ ვერ წავალ. ბავშვებს ახლა სჭირდებათ ჩემი თავი, ისინი ჩემს გარეშე დაიღუპებიან. მათ საკუთარი სახლიც არ აქვთ.’’
ქმრის სახლიდან წამოსვლის შემდეგ მაიას სხვა პრობლემაც შეექმნა. იმის გამო, რომ საცხოვრებელი ადგილის შეცვლა მოუხდათ, ბავშვები სკოლაში სიარულს ვეღარ ახერხებენ. მისი თქმით, ბავშვები ძველ სკოლაში მამამისის შიშით ვერ მიდიან, ხოლო ახალში მისვლის ეშინიათ, რადგან არ იციან როგორ შეხვდება მათ საზოგადოება.
,,სკოლა, სადაც ეს ბავშვები დადიოდნენ, ახლა ჩვენგან შორს არის. იმ სოფელში ბავშვები ვერ მიდიან, მამამისის ეშინიათ. სწავლა რომ დაიწყო, ჩემი გოგონა ჩუმად წავიდა სოფელში და ნაცნობის სახლში იყო რამდენიმე დღე. ჩემს ქმარს გაუგია და ამის გამო ოჯახის უფროსს ფიზიკურად გაუსწორდა.
გარდა ამისა, ჩემს შვილს ქუჩაში დახვდა, აფურთხა და აგინა, ამიტომ მას შიში დაეწყო, ზიზღს გრძნობს მამამისის მიმართ. აქაც ვერ მიმყავს სკოლაში ბავშვები. ჩემს ბიჭს ზუსტად ვიცი, რცხვენია, ამბობს, სოფელიაო და ყველა იტყვის მისი დედა სახლიდან წამოვიდაო. დაკომპლექსებულები არიან და ვერ ბედავენ სკოლაში მისვლას, ეშინიათ როგორ მიიღებენ მოსწავლეები.’’
ძალადობის მსხვერპლი ოჯახი დახმარებას ითხოვს. დიასახლისი მაია ამბობს, რომ აქამდე სოციალური დახმარების იმედად იყვნენ, თუმცა ქმრის სახლიდან წამოსვლის შემდეგ შეუწყდათ. მისი თქმით, მათი ერთადერთი შემოსავალი შვილის ნახირში სიარულით აღებული ფულია.
,,შიშისგან ჩაკეტილი ვარ, არ გავდივარ გარეთ. თავს ვინახავთ იმით, რომ ჩემი ბიჭი დადის ნახირში და ფულს აძლევენ. ამის გარდა, ჩემი მშობლები მეხმარებიან. ეს არის მხოლოდ ჩვენი შემოსავალი. რაც შეეხება სოციალურ დახმარებას, ახლიდან უნდა შეგვამოწმონ და მერე, ალბათ, დაგვინიშნავენ. ვთხოვ ყველას, გვერდში დაგვიდგეს. ერთადერთი დახმარება, რომელიც აუცილებლად მჭირდება, არის ქმრისგან განთავისუფლება. მინდა ვინმემ გარანტია მომცეს, რომ ის ჩვენ არ შეგვეხება და არ მომაყენებს შეურაცხყოფას, სადმე რომ შევხვდე. ასევე ვისურვებდი, რომ საზოგადოება უფრო შემწყნარებელი იყოს. ჩემი სურვილია, არ იშვერდნენ ხელს ერთმანეთზე და არ ჭორაობდნენ, დააცადონ ადამიანს ცხოვრება. ეს ვითომ სიბრალული, რომელსაც ჩვენ მიმართ გამოხატავენ, ძალიან გამაღიზიანებელია. შესაბრალები მაშინ ვიქნებოდით, რომელიმეს თუ მოგვკლავდა ან დაგვასახიჩრებდა. უბრალოდ, ვთხოვთ ყველას, დაგვაცადონ წელში გაშლა და დაგვიდგნენ გვერდით.‘’
გარდა კახეთში ამ კუთხით არსებული სიტუაციისა, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა აზერბაიჯანული მოსახლეობით დასახლებულ სოფლებში. ერთ-ერთ სოფელ იორმუღანლოში, ქალთა უფლებები ყოველდღიურად ირღვევა, რომელსაც ისინი ხშირ შემთხვევაში თვითმკვლელობამდე მიჰყავს. ქალებზე ძალადობის ნათელი მაგალითი იორმუღანლოში 30 წლის ხანუმ ჯეირანოვას თვითმკვლელობის ფაქტია. სოფლის მკვიდრმა კაცებმა ახალგაზრდა გოგო ღალატში ამხილეს, რის გამოც მას ქმრის ნათესავებმა სოფლის ცენტრში უმოწყალოდ სცემეს, ქუჩაში ფეხშიშველი ატარეს და სოფლის დასანახავად შეარცხვინეს. ახალგაზრდა ქალმა 17 სექტემბერს თავი მოიკლა. საზარელი ისტორიის მიზეზი ეჭვიანობაა. ადგილობრივები ჰყვებიან, რომ ქმრის ნათესავები ქალს ჯერ სოფლის ბირჟაზე გაუსწორდნენ, შემდეგ კი მაღაზიის უკან გაიყვანეს და იქ სცემეს. იმ დროს არც მამა და არც ქმარი სოფელში არ იმყოფებოდნენ.
სოფლის გამგებელი, მაჰმუდ ალიევი ამბობს, რომ ქალის ცემის ფაქტი სოფელში არავის გაჰკვირვებია. სოფლის მცხოვრებლებს არ დაურეკავთ არც პოლიციაში და არც სასწრაფო დახმარება არ გამოუძახებიათ. ქალთა უფლებების დამცველები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საგარეჯოს აზერბაიჯანულ სოფლებში მსგავს დანაშაულს ხშირად ჩადიან, თუმცა, მის აღკვეთას არავინ ცდილობს.
აზერბაიჯანელებით დასახლებული სოფელს, ლამბალოს მკვიდრის – ახმედ ახმედოვის თქმით, მას სამი გოგო ჰყავს და ყველას საქმრო თავად ისე შეურჩია, რომ მათთვის აზრი არც უკითხავს.
,,იმათ გავაყოლე, ვინც მე მინდოდა. ეს არის ჩვენი ტრადიცია და არ უნდა დაირღვეს. ახლა ახალგაზრდები ამ წესების დავიწყებას ცდილობენ. ქალს აზრს ვინ ჰკითხავს? გოგო ჩემია და ვისაც მინდა, იმას მივათხოვებ. 17 წლისები იყვნენ ჩემი გოგონები, როცა გავათხოვე. ერთი ჩემს დისშვილს გავაყოლე. ეს დედაჩემმა მთხოვა, მას მიეციო. მომწონდა ის ბიჭები და გავაყოლე. გოგონებისთვის აზრი რატომ უნდა მეკითხა? როგორც მე ვეტყოდი, ისე უნდა გათხოვილიყვნენ.’’
ახმედ ახმედოვის თქმით, ქალები გარეთ არ გადიან. სულ მინდვრებში, ძროხასთან, ცხვართან არიან და მუშაობენ.
, , ა ხ ლ ა ნ დ ელ გოგო ნ ე ბ ს არ მოსწონთ მუშაობა, უნდათ ისწავლონ. მე არ მინდა ნასწავლი გოგო. ჩემი შვილიშვილები სწავლობენ სკოლაში. იქიდან რომ მოიტაცოს ვინმემ, აუცილებლად მოვკლავ. თუ გოგო დაუკითხავად წავიდა და გაჰყვა შეყვარებულს და დროზე მიუსწრეს, მას წამოიყვანენ უკან. წლების წინ გოგო გაჰყვა ბიჭს, მამას არ უნდოდა და გოგო ცემაში მოკლა. ძველად ცემით ვკლავდით ასეთ შვილებს.’’
სოფელ ლამბალოს მკვიდრის, 25 წლის მამაკაცის თქმით, გათხოვილ ქალს ქუჩაში ქმრის გარეშე გასვლის უფლება არ აქვს.
ჶ,,ცოლს გარეთ რა უნდა? თუ სადმე წასასვლელია, მანქანით მიმყავს. მარტო რატომ უნდა გავიდეს სახლიდან? ჩემ გარეშე ვერსად წავა. თუ მაინც წავა, მაშინ მამამისთან დაბრუნდეს, სახლში არ შემოვუშვებ. რისი ყიდვაც უნდა, ჩამოწერს და მაძლევს სიას. მე მანქანა მყავს, მივდივარ და ყველაფერი მომაქვს. ის სახლში უნდა იჯდეს, ბავშვები გაზარდოს და საქმე აკეთოს, ‘’ჶ განაცხადა 25 წლის მამაკაცმა.
სოფელ ქეშალოში კიდევ ერთი ქალი გადაურჩა სიკვდილს. ეჭვიანობის ნიადაგზე მასაც ლინჩის წესით ასამართლებდნენ. ლომონა ალაზოვა ხალხის თვალწინ სასტიკად სცემეს, შემდეგ კი, ორჯერ ესროლეს. ქალი სიკვდილს გადაურჩა. დადგენილია, რომ მას სხეულის მრავლობითი დაზიანება ბიძაშვილებმა მიაყენეს. სამართალდამცავებმა დანაშაულში ამხილეს მისი ბიძაშვილი, 1979 წელს დაბადებული კაზანთარ ალაზოვი, თუმცა ყველამ იცის, რომ ქალს სხვებიც სცემდნენ.
სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის თქმით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველანაირი ძალისხმევა იქნეს გამოყენებული ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის, შესაძლო მსხვერპლთა დაცვისა და დახმარებისათვის.
,,აუცილებელია სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებმა გამოიყენონ ყველა არსებული ბერკეტი ძალადობის შესაჩერებლად. საზოგადოებამ უნდა დაარღვიოს დუმილი და შეიცვალოს გულგრილი დამოკიდებულება, რადგან ქალთა მიმართ ძალადობა არის საზოგადოებისათვის საშიში დანაშაული. მიუხედავად მთავრობისადმი საქართველოს სახალხო დამცველის არაერთი მოწოდებისა, შექმნილიყო ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის საგანგებო სტრატეგია, სამწუხაროდ, ამ მიმართულებით ქმედითი და პრაქტიკული ნაბიჯი არ გადადგმულა. მოვუწოდებთ მთავრობას პრობლემის აღიარებიდან გადავიდეს ქმედით ნაბიჯებზე და შეიმუშავოს შედეგზე ორიენტირებული, ყოვლისმომცველი სახელმწიფო პოლიტიკა ქალთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად, რომელიც არა მხოლოდ მომხდარი ძალადობრივი ფაქტების გამოძიების ჩატარებაზე იქნებოდა მიმართული, არამედ მაქსიმალურად მოახდენდა მსგავსი დანაშაულების პრევენციას,’’ – აცხადებს უჩა ნანუაშვილი.