გარემოვაჭრეებმა თელავის მერის მისაღებში აქცია გამართეს
ქალაქ თელავის მერის, პლატონ კალმახელიძეს მისაღებში გარემოვაჭრეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ქალაქის მერს საახალწლოდ გარევაჭრობის ნებართვას სთხოვდნენ. მათი თქმით, იმის გამო, რომ თელავის აგრარულ ბაზარში სათანადო პირობები არ არის და მოვაჭრეები მათ შიგნით არ უშვებენ, საახალწლოდ ფულის მოგროვებას, ოჯახების შენახვას და ბანკების გადასახადის გადახდას ვერ ახერხებენ. გარემოვაჭრეების განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ მერია მათ სავაჭროდ საჭირო რაოდენობის ფართს არ გამოუყოფს, ისინი შიმშილობას დაიწყებენ.
,,მოვედით აქ მერთან შესახვედრად და ჩვენი გასაჭირის სათქმელად. ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ. აღარ ვიცით, რა ვქნათ. პლატონ კალმახელიძე შეგვხვდა და გაგვესაუბრა. მან გვითხრა, რომ გარევაჭრობის ნებას არ მოგვცემს და ბაზრის ტერიტორიაზე უნდა შევიდეთ,”-განუცხადა knews.ge-ს გოჩა ჩიდრაშვილმა.
პლატონ კალმახელიძე კი აცხადებს, რომ თელავის მერია გარევაჭრობის ნებართვას არასოდეს არ გასცემს. ,,თელავის მერია ქალაქის მაცხოვრებლებს დაჰპირდა, რომ ისინი სუფთა ქალაქში იცხოვრებდნენ. სწორედ მათი მოთხოვნაა, აიკრძალოს გარევაჭრობა,”-განუცხადა Knews.ge-ს პლატონ კალმახელიძემ.
თელავის ვიცე- მერის, თენგიზ მთვარელიშვილის განცხადებით, მერია გარემოვაჭრეების პრობლემას კარგად იცნობს. მისივე თქმით, აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად აგრარული ბაზრის დირექციასთან ერთად დღესვე დაიგეგმა შეხვედრა, რომელსაც სამი გარემოვაჭრე დაესწრება.