სურსათის მწარმოებლების 10-20 % სურსათის უვნებლობის წესებს არღვევს
ევროკავშირის წარომადგენლობის ექსპერტის გარემოს დაცვის, სოფლის განვითარებისა და სურსათის უვნებლობის საკითხებში ალვარო ორტეგა აპარისიოს თქმით, საქართველოში არის შექმნილი მითი, თითქოს ევროკავშირი საქართველოს ძალით ახვევს თავზე ახალ რეგულაციებს. მისი თქმით, სურსათის უვნებლობასა და სურსათის წარმოების დროს სანიტარული ნორმების დაცვასთან დაკავშირებით ასოცირების შეთანხმებაში წერია, რომ ახალი მოთხოვნების შესრულების ძირითადი მიზანი არის მომხმარებლის უფლებების დაცვა.
,,ეს პირველ რიგში საქართველოს მოსახლეობის ინტერესებში შედის.
ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულებიდან (DCFTA) და ასოცირების შეთანხმებიდან სრულად დამოუკიდებლად სურსათის ეროვნულ სააგენტოს უკვე 2 წელია შექმნილი აქვს 11 ადგილობრივი ოფისი და ისინი ყოველთვიურად საშუალოდ 400 ინსპექტირებას ახორციელებენ. ამ მონიტორინგით დგინდება, რომ სურსათის მწარმოებლების 10-20 % სურსათის უვნებლობის წესებს არღვევს. ეს საკმაოდ დიდი პროცენტია. სახელმწიფოს მხრიდან ასეთი კონტროლი მომხმარებელთა ინტერესების დასაცავად ხორციელდება. რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლებას ნაწილობრივ აქვს ის ინტერესი, რომ ევროკავშირის ბაზარზე გავიდეს და ამიტომაც ამოწმებს სურსათის მწარმოებლებს, მაგრამ კონტროლის ღონისძიებები უპირველეს ყოვლისა ადგილობრივი მომხმარებლის დაცვისკენაა მიმართული,”- განუცხადა eugeorgia.info-ს ალვარო ორტეგა აპარისიომ.