თელავის მერია და გამგეობა 15 მილიონს დახარჯავს
8 მილიონ ლარზე მეტი მერიამ, ხოლო 7 მილიონამდე ლარი თემის გამგეობამ უნდა დახარჯოს. სახელმწიფო ბიუჯეტიდან თელავისთვის გამოყოფილი თანხა გასულ წელთან შედარებით მინიმუმ 2 მილიონი ლარით არის გაზრდილი.
რა კონკრეტული მიმართულებით აპირებენ მერია და თემი 15 მილიონის გახარჯვას, რითი გაუმჯობესდება სახელმწიფო სერვისები თითოეული მოქალაქისათვის, ამ კითხვებზე პასუხს ჟურნალისტები ბიუჯეტის განხილვების პარალელურად მივიღებთ. მანამდე კი წინასწარი განხილვები დასრულებულია. თვითმმართველ ქალაქ თელავსა და თემის ბიუჯეტის პროექტების სამუშაო ვერსია განსახილველად მერიამ და გამგეობამ საკრებულოებში გადაგზავნა, რომლებიც შენიშვნებით ჩასასწორებლად უკან უკვე დაბრუნდა.
ამჟამად დოკუმენტი ხელახლა მუშავდება. თელავის მერიამ და გამგეობამ ჩასწორებული ბიუჯეტის პროექტები საკრებულოებს 10 დეკემბრამდე უკან უნდა დაუბრუნოს, რის შემდეგაც საჯარო განხილვები დაიწყება.
თელავის ვიცე-მერის, თენგიზ მთვარელიშვილის თქმით, 2015 წლის ბიუჯეტის პროექტის მთავარი პრიორიტეტები, ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის, სოციალური პაკეტის, სკოლამდელი აღზრდის და კულტურის განვითარებაა.
,,გვინდა, პროექტი მაქსიმალურად იყოს მორგებული ჩვენი მოსახლეობის საჭიროებებზე. ვფიქრობთ, რომ ის ძალიან სწორად არის დაგეგმილი და ეფექტური იქნება. ბიუჯეტის პროექტი საკრებულოდან უკვე გადმოგვეგზავნა შენიშვნებითა და რეკომენდაციებით. ამჟამად მიმდინარეობს ჩასწორებული ვარიანტის განხილვა მერიაში,’’- აცხადებს თენგიზ მთვარელიშვილი.
ქალაქის ვიცე-მერის თქმით, ქალაქში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტია. მისივე განმარტებით, ამ მიმართულებით 2015 წელს მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა იგეგმება. მისი თქმით, მერიის 2015 წლის ბიუჯეტის პროექტმა 8 მილიონ 318 ათასი ლარი შეადგინა.
თელავის მერიის ბიუჯეტის პროექტში, ინფრასტრუქტურის მიმართულება 2 მილიონ 200 ათასი ლარით განისაზღვრა. როგორც მერიაში აცხადებენ, მათი ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა ქალაქში. ქალაქის ვიცე-მერის თენგიზ მთვარელიშვილის თქმით, ამ მიმართულებით 2015 წელს მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა იგეგმება:
,,მერიისთვის 2015 წლის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი არის ინფრასტრუქტურული მიმართულება, რომლის მოსაწესრიგებლად 2 მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა. რაც შეეხება 2015 წლის ბიუჯეტის პროექტს, 2014 წლის ბიუჯეტი შეისწავლეს, გააკეთეს ანალიზი და, შესაბამისად მომზადდა. ამ საკითხზე საინტერესო წინადადებები და რეკომენდაციები აქვს ქალაქის საკრებულოს. კანონის თანახმად, 25 ნოემბერს გადმოგვეგზავნა ბიუჯეტის პროექტის ჩასწორებული ვარიანტ, რომელსაც საკრებულოს 10 დეკემბრისთვის დავუბრუნებთ. ვფიქრობ, ეს ბიუჯეტი დამტკიცდება და იქნება ძალიან წარმატებული,’’- განაცხადა თელავის ვიცე-მერმა.
თელავის მერიის ბიუჯეტის მსგავსად, საკრებულომ თვითმმართველი თემის გამგეობას ბიუჯეტის პროექტი რეკომენდაციებით, კანონით დადგენილ ვადაში ჩასასწორებლად უკან გადაუგზავნა. როგორც გამგეობაში აცხადებენ, 2015 წლის ბიუჯეტის პროექტმა 6 მილიონ 443 ათასი ლარი შეადგინა.
თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელ ალექსანდრე შათირიშვილის თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტი სახელმწიფო ტრანსფერების ხარჯზეა გაზრდილი, რომელიც ორჯერ აღემატება იმ თანხას, რაც თემს თელავის გაყოფის შედეგად შეხვდა.
,,სოფლებში არსებული პრიორიტეტული პრობლემების გამოსავლენად ჩატარდა გამოკითხვები და შეხვედრები მოსახლეობასთან. ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც სოფლებში გამოიკვეთა, არის გარეგანათება, წყლის პრობლემა, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და სხვა. ეს ყველაფერი გათვალისწინებულია მომავალი წლის ბიუჯეტში, რადგან ამის საშუალება სახელმწიფო ტრანსფერმა მოგვცა.’’
თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის პროექტის პრიორიტეტები უკვე განსაზღვრულია. გამგეობაში აცხადებენ, რომ ბოლო წლებში არჩეული სტრატეგიის შესაბამისად, პრიორიტეტულ საკითხებზე მიმართულმა სახსრების ზრდამ შესაძლებელი გახადა ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარება, რომელიც მნიშვნელოვანი წინაპირობაა მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის.
თელავის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროს ვერიკო კობიაშვილის თქმით, 2015 წლის ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებული საკითხების განხორციელებით, უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, კულტურის დასვენებისა და სპორტის სფეროების განვითარება.
,,2015 – 2018 წლებში მუნიციპალიტეტის სტრატეგია მოიცავს ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარებას, სოციალური პირობების გაუმჯობესებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვასა და სკოლამდელი განათლების ხელშეწყობას.
თელავის მუნიციპალიტეტის ძირითადი პრიორიტეტებია: თავდაცვა და უსაფრთხოება; ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია; განათლება, კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი; მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა’’,- განაცხადა ვერიკო კობიაშვილმა.
მისი თქმითვე, 2015 წლის ბიუჯეტში ინფრასტრუქტურულ მიმართულებაზე 1 მილიონ 123 600 ლარია გამოყოფილი.
,,ამ თანხაში შედის წყალი, კეთილმოწყობის სამუშაოები, მშენებლობა, შიდა გზებისა და გარე განათების სარეაბილიტაციო სამუშაოები და სხვა. რაც შეეხება სკოლამდელ განათლებას, ამ მიმართულებაზე 1 მილიონ 202 ათასი ლარია გამოყოფილი, ხოლო სოციალური პროგრამებისთვის 260 ათასი ლარი.
ამ დროისთვის გამგეობის მიერ გადაგზავნილი ბიუჯეტის პროექტი საკრებულომ შენიშვნებით უკან დააბრუნა, სულ მალე გაითვალისწინებენ და საკრებულოს 10 დეკემბრამდე ჩასწორებული ვარიანტი მიეწოდება. ამის შემდეგ კი, ზონების მიხედვით დაიწყება პროექტის საჯარო განხილვები.’’