ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის ამოქმედდება სავარაუდოდ გადავადდება
პარლამენტის შესაბამისი კომიტეტები სწორედ მთავრობის ინიციატივას ელიან, რის შემდეგაც გადაიდგმება შესაბამისი პროცედურული ნაბიჯები.
ამ კუთხით, პირველ ნაბიჯად განიხილება კიდეც ავტომფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შემოღების საკითხი, თუმცა, როგორც აღინიშნა, ეს ინიციატივა, სამწუხაროდ, დროში, სხვადასხვა მიზეზების გამო, იგვიანებს.
სადღეისოდ საქართველოში რეგისტრირებულია 900 ათასამდე სახმელეთო სატრანსპორტო საშუალება და ეს რიცხვი ყოველწლიურად 5–7%–ით იზრდება. არსებული მონაცემებით, აქედან უმოქმედო, ანუ გაჩერებულ მდგომარეობაშია 100 ათასამდე ავტოსატრანსპორტო საშუალება. მოქმედი ავტოტრანსპორტიდან დაზღვევით, მათ შორის, სავალდებულო პასუხისმგებლობის დაზღვევით, სარგებლობს მხოლოდ 40 ათასამდე ავტოსატრანსპორტო საშუალება, ანუ მთლიანი რაოდენობის 5 %.
2014 წლის სამი კვარტლის მონაცემებით, სადაზღვევო კომპანიებს ავტოდაზღვევის პროდუქტით მოზიდული აქვთ სულ 32 მილიონ ლარამდე, ხოლო სამოქალაქო პასუხისმგებლობის ნებაყოფლობითი დაზღვევის კუთხით 4,5 მილიონ ლარამდე. ექსპერტების თქმით, ეს ბაზარი პრაქტიკულად აუთვისებელია და სექტორისთვის უაღრესად საინტერესო ნიშას წარმოადგენს.
მათივე განმარტებით, სწორედ ამ ნიშის სწრაფად და ეფექტიანად ათვისებისთვის არის აუცილებელი ისეთი წამახალისებელი პროცესის დაწყება, როგორიც იქნება ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შემოღება.