თელავში გარემოვაჭრეებმა საპროტესტო აქცია გამართეს-EXCLUSIVE
დღეს, თელავის აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, გარემოვაჭრეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი, ქალაქის მერიას გარევაჭრობის საახალწლოდ დაშვებას სთხოვენ. მათი თქმით, მერიის წარმომადგენლები ავიწროვებენ და ვაჭრობის შემთხვევაში 1000 ლარიანი ჯარიმის გამოწერით აშინებენ. იმ შემთხვევაში თუ მერიის სამსახური გარემოვაჭრეებს მხარს არ დაუჭერს, ზურა კენჭაშვილი რამდენიმე ათეულ ადამიანთან ერთად მერის კაბინეტთან შიმშილობის დაწყებას აპირებს.
,,მოგვცენ გარევაჭრობის ნება, აქ თუ არ გამოვედით რითი უნდა შევინახოთ ოჯახი. ყოველდღე მოდიან მერიის წარმომადგენლები და ვაჭრობის უფლებას არ გვაძლევენ. რომ ვხედავთ მოდიან, გიჟებივით გავრბივართ და ვმალავთ პროდუქტს, რომ არ დაგვაჯარიმონ. ეს მთავრობა ჩვენი დახმარებით მოვიდა ხელისუფლებაში და უნდა იზრუნონ ყველა მოსახლეზე. წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტის სხვა გზას მივმართავთ და მერის კაბინეტის წინ შიმშილობას დავიწყებთ,”-განუცხადა knews.ge-ს ზურა ჯენჭაშვილმა.
გარემოვაჭრეები უწყებას გარევაჭრობის ახალწლამდე დაშვებას სთხოვენ:
,,მოგვცენ ახალწლამდე ვაჭრობის უფლება, რომ საახალწლოდ რამის ყიდვა შევძლოთ შვილებისთვის და მშივრები არ მოვკვდეთ. შემდეგ კი გამოყონ ვაჭრობისთვის ადგილი, ამის წინააღმდეგები არ ვართ, მაგრამ რასაც მერია გვთავაზობს შეუძლებელია, გავაკეთოთ. 160 მოვაჭრის ადგილია და 300 ვართ, ვინ სად უნდა დადგეს არ ვიცით. გააკეთონ ნორმალური დახლები და შევალთ. არ უნდა ხდებოდეს ვინმესთვის პრივილეგიის მინიჭება, რომ კარგ ადგილზე მოახვედრონ. ვთხოვთ ყველას, მოგვხედონ და უპატრონოდ ნუ დაგვყრიან,”-განაცხადა knews.ge-სთან გარემოვაჭრე ჟანეტა სანდოშვილმა.