გიგოს გორაზე მოჭრილი ხეების გაყიდვაზე აუქციონი უახლოეს მომავალში გამოცხადდება
თელავის მერის, პლატონ კალმახელიძის განცხადებით, გიგოს გორაზე მოჭრილი ხეების გაყიდვაზე აუქციონი უახლოეს მომავალში გამოცხადდება. აუქციონში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლება.
„შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელმაც ხე-მასალის რაოდენობის დათვლა დაასრულა იქიდან გამომდინარე, რომ თელავის მერია ვერ აიღებდა ბალანსზე იმაზე მეტს, ვიდრე ფაქტობრივად არსებობს და ჩვენ გადმოგვეცა. შესაბამისი დასკვნა აუცილებლად დაიდება და უმოკლეს ვადებში აუცილებლად დადგება მისი აუქციონის წესით გაყიდვის საკითხი“, – განაცხადა თელავის მერმა, პლატონ კალმახელიძემ.
თელავში „გიგოს გორას“ ტყის მასივი 2012 წლის 19 ივლისს კახეთში მომხდარი სტიქიის შედეგად გახმა. გიგოს გორაზე გამხმარი ხეების მოჭრა-გაკაფვისა და დასაწყობებების სამუშაოები თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 2014 წლის 19 მარტს გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ „NEW GEORGIA” შეასრულა, თუმცა მოჭრილი ხე მასალა ამ დრომდე არ გასხვისებულა. ტყის მასივის აღდგენითი სამუშაოები ამ დრომდე უნდა დაწყებულიყო, თუმცა ამჟამად მდგომარეობა უცვლელია.