“საქართველოს ბანკმა” “პრივატბანკი” შეისყიდა
“საქართველოს ბანკი” “პრივატბანკის” შესყიდვისა და სტრუქტურული ცვლილებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. „პრივატბანკი“ მთლიანი აქტივების მიხედვით საქართველოში სიდიდით მე–9 ბანკია.
“საქართველოს ბანკში” აცხადებენ, რომ უკრაინულ “პრივატბანკთან” გაფორმდა შეთანხმება მისი ქართული შვილობილის – სს “პრივატბანკის” 100% აქციების შესყიდვის შესახებ. დღესვე, “საქართველოს ბანკმა” განაცხადა მისი ჰოლდინგური კომპანიის მიერ 3.59 მლნ ახალი აქციის ემისიის თაობაზე, რომლის შედეგადაც ბანკმა 114 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა. ხსენებული განთავსებიდან მოზიდული კაპიტალის ნაწილი მოხმარდება საქართველოს ბანკის მიერ “პრივატბანკის” 100%-იანი წილის შესყიდვას, 51 მლნ აშშ დოლარად.
“საქართველოს ბანკში” იმასაც ამბობენ, რომ “პრივატბანკის” შეძენა შესაძლებლობას მიცემს “საქართველოს ბანკს”, კიდევ უფრო გაამყაროს მისი წამყვანი პოზიცია საცალო საბანკო მომსახურების მიმართულებით. ხსენებული შესყიდვის შედეგად, “საქართველოს ბანკის” საბაზრო წილი ფიზიკური პირების სესხების მიხედვით 5.3%-ით, ხოლო ფიზიკური პირების დეპოზიტების მიხედვით 2.6%-ით გაიზრდება. “საქართველოს ბანკის” მომსახურების ქსელიც კიდევ უფრო გაიზრდება, ვინაიდან “პრივატბანკი”, საქართველოს მასშტაბით, 93 ფილიალის მფლობელია. შესყიდვა, ასევე, დადებითად აისახება საქართველოს ბანკის გადახდების ბიზნესზე “პრივატბანკის” მფლობელობაში არსებული ბანკომატების (429) და POS ტერმინალების (1,929) შემოერთებით.