თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენლები ახალი სახეობის გადასახადის გადავადებას ითხოვენ
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, ადვალური გადასახადის შემოღებას საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ავალდებულებს. “საგადასახადო კოდექსის” ფარგლებში დაგეგმილი ცვლილებები 2015 წლის 1 იანვრიდან თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გაზრდას გულისხმობს. კანონის მიხედვით, აქციზი ფილტრიან თამბაქოს ნაწარმზე 15 თეთრით იზრდება და 90 თეთრი ხდება. გარდა ამისა, 2015 წლის 1 ივნისიდან თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენლებს კოლოფზე 5%-იანი ადვალური გადასახადის გადახდა მოუწევთ. საუბარია გადასახადის სახეობაზე, რომელიც შემოსავლის ან ღირებულების მიმართ პროცენტულ მაჩვენებელში დაფიქსირებულ გადასახადს წარმოადგენს. ამ შემთხვევაში, იგულისხმება ერთ კოლოფ სიგარეტზე 5%-ის დარიცხვა.