როგორია ქალის როლი საზოგადოებაში
მართალია, ქალების როლი თანამედროვე საზოგადოებაში ეკონომიკურ, პოლიტიკურ, კულტურულ და სოციალურ ცხოვრებაში იზრდება, თუმცა დამკვიდრებული სტერეოტიპის მიხედვით, მათ არ შეუძლიათ იყვნენ გადაწყვეტილების მიმღებები. ამის კარგი მაგალითია ადგილობრივ თვითმმართველობაში ქალთა მინიმალური მონაწილეობა. საქართველოში ქალებს, როგორც გადაწყვეტილების მიმღებთ, გარკვეული წახალისება სჭირდებათ. ექსპერტების შეფასებით, ქალი საზოგადოების სრულუფლებიანი წევრია და, შესაბამისად, წარმატებისკენ სწრაფვა მისი უფლებაცაა. მას უნდა ჰქონდეს კარიერული წინსვლის საშუალება, რათა თავი რეალიზებულად იგრძნოს: ,,გავრცელებული აზრის მიხედვით, ქალი უნდა იყოს ქმრის მონა, გააკეთოს ის, რასაც ქმარი ეტყვის. როცა ოჯახში ერთი წევრი მუშაობს, იმას ჰგონია, რომ მან უნდა განკარგოს ყველაფერი, ამიტომ ხდება მკვლელობა, ფიზიკური და ოჯახური ძალადობა. გენდერული ბალანსი რომ არ დაირღვას, უნდა ჩატარდეს მეტი პრევენციული ღონისძიებები. უმუშევრობის მხრივ ქალები მამაკაცებისგან განსხვავებით მეტის ამტანები აღმოჩნდნენ, იპოვეს გამოსავალი, რომ იმუშავონ და შვილებს არ მოაკლონ არაფერი. სწორედ ეს აღიზიანებთ მამაკაცებს და ზოგიერთს კი არ უყვარს ქალი საზოგადოებაში რომ არის, ჰგონიათ, რომ ცუდს გააკეთებს, სწორედ ეს არის სტერეოტიპი და ხშირად ამის გამოც ხდება ძალადობა ოჯახში, – განმარტავს ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის კახეთის რეგიონული კომიტეტის ხელმძღვანელი, ექსპერტი ქალთა საკითხებში ჯილდა ნიბლაძე. მიუხედავად იმისა, რომ ქართულ საზოგადოებაში არსებობს სტერეოტიპი, რომ ქალის როლი ოჯახით და სახლით შემოიფარგლება და საზოგადოება დღემდე ეჭვქვეშ აყენებს ქალის როლს საზოგადოების განვითარებაში და მის ადგილს სოციუმში, ახალგაზრდა პოლიტიკოსი ნათია გიორგაძე ამ სტერეოტიპის დამსხვრევის კარგი მაგალითია. იგი, ერთ ჩვეულებრივ სამუშაო დღეს რვის ნახევარზე იწყებს და საღამოს გვიან ასრულებს. ასწრებს ყველაფერს, თუმცა ამბობს, რომ დროის დეფეციტს განიცდის. ნათიასვე შეფასებით, დიასახლისი ქალისგან სამსახურში გატარებული დროის დიდი ნაწილი განასხვავებს, თუმცა საოჯახო და საზოგადოებრივ საქმიანობას ერთმანეთს მშვენივრად უთავსებს: ,,სახლის საქმის დიდ ნაწილს უქმეებზე ვაკეთებ. ვისურვებდი ბავშვებისთვის მეტი დრო მქონდეს, რადგან ჩემს დეფიციტს განიცდიან და ხშირად აპროტესტებენ, ხანდახან ვერ ვესწრები მშობელთა კრებას. ამ ფაქტზე მწვავედ რეაგირებენ. სიმართლე გითხრათ, მიჭირს დროის ოპტიმალური მართვა და ვაპირებ, ტრენინგი გავიარო დროის მართვის მენეჯმენტში”. ნათიას მიაჩნია, რომ ქალის ადგილი ყველა სფეროშია, მაგრამ არის სფეროები, სადაც გენდერული დისბალანსი მაინც შეიმჩნევა.