2015 წელს 1 დოლარი 1,81-1,82 ლარი ეღირება
ქართული ვალუტა დოლართან მიმართებაში გაუფასურებას განაგრძობს. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 1 დოლარი 1,8616 ლარია. ფინანსთა სამინისტრომ სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში სახელმწიფო ვალი სწორედ 1,8-ლარიან კურსს მოარგო. ხადურის უწყებაში განმარტავენ, რომ მათ ბიუჯეტში ვალუტის ზედა ზღვარი განსაზღვრეს და ეს მაჩვენებელი კურსის ფორმირებაზე გავლენას არ ახდენს.
ეკონომისტების შეფასებით, ფაქტობრივად, ფინანსთა სამინისტრომ აღიარა, რომ მომავალ წელს ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 1,8 ლარის ფარგლებში იტრიალებს. თუმცა სამინისტროში ამგვარ გათვლას უარყოფენ და აღნიშნავენ, რომ მათ აქვთ ვალდებულება, ბიუჯეტში სახელმწიფო ვალის ზღვრული მოცულობა იმ პერიოდში არსებული ვალუტის კურსით განსაზღვრონ.
”ვალს ვითვლით იმ დროს არსებული კურსით, ანუ, როდესაც ხდება ბიუჯეტის წარდგენა, მასში განსაზღვრული უნდა იყოს იმ პერიოდის საშუალო კურსი. ამ შემთხვევაში ეს კურსი არის მხოლოდ ინფორმაციული სახის – რა კურსით არის დათვლილი საგარეო ვალი. ლარის კურსის ფორმირებაზე ამას გავლენა არ აქვს”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ.
ექსპერტი სოსო არჩვაძე ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებას უწონებს და აღნიშნავს, რომ საქართველო ახალი რეალობის წინაშე დგას, შესაბამისად, ლარის დაბალი კურსის ჯიუტად შენარჩუნება ქვეყნის ეკონომიკას ვერ წაადგებოდა.
არჩვაძის განცხადებით, საქართველოს სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების, უკრაინისა და რუსეთის ეროვნული ვალუტები კიდევ უფრო გაუფასურდა დოლართან მიმართებაში, რომელიც ქართულ ექსპორტს ნამდვილად ვერ წაახალისებს. გარდა ამისა, საქართველოში მკვეთრადაა შემცირებული რუსეთიდან ფულადი გადმორიცხვები და უცხოური ინვესტიციების შემოდინება.