ახალი ამბები

ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებმა საგანგაშო ნიშნულს მიაღწია

ახალგაზრდების მოსაზრებით, საქართველოში ქალთა უფლებები ნაკლებად არის დაცული. თელავში მცხოვრები 19 წლის ეკა კევლიშვილის აზრით, გენდერული თანასწორობა გულისხმობს ქალისა და მამაკაცის უფლებებისა და ამავდროულად მოვალეობების თანაბარ განაწილებას.
-,,ქალის უფლებები დღეს ნაკლებად არის დაცული და ძალადობის ფაქტები სწორედ ამიტომ გახშირდა. ამას ისიც უწყობს ხელს, რომ არ ფლობენ სათანადო ინფორმაციას იმ ორგანოებისა და დაწესებულებების შესახებ, რომლებსაც მათი დახმარება შეუძლია’’, – აცხადებს ეკა კევლიშვილი. 
ექსპერტების თქმით, სახელმწიფომ გენდერული საკითხის მიმართ დამოკიდებულება უნდა გაამკაცროს, ყურადღება მიექცეს ქალისა და მამაკაცის როლებს, მოვალეობებს, მოთხოვნილებებს, პოტენციალს და ა.შ, რომელიც საზოგადოების განვითარებისათვის აუცილებელი პირობაა.
ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის კახეთის რეგიონული კომიტეტის წარმომადგენლის, ექსპერტის გენდერის საკითხებში, ჯილდა ნიბლაძის შეფასებით, ქალების პრობლემა მდგომარეობს მათს მიდგომაში, რომელიც ქმრისადმი უსიტყვო მორჩილებას გულისხმობს:
-,,ბევრი ქალი ფიქრობს, რომ ვალდებულია, იჯდეს სახლში, შვილები ზარდოს, სახლი დაალაგოს, ქმარს მომზადებული საჭმელი დაახვედროს, მოემსახუროს და დაემორჩილოს ქმარს.‘’
ჯილდა ნიბლაძის განმარტებით, ქალთა უფლებები ქალაქშიც და სოფელშიც ერთნაირად ირღვევა. ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის კახეთის რეგიონული კომიტეტის ინფორმაციით, ორი წლის წინ კახეთში ფიზიკური ძალადობის 166 ფაქტი დაფიქსირდა. წელს ეს რიცხვი გაზრდილია, რადგან კახეთის რეგიონში სექტემბრიდან დღემდე ოფიციალურად ქალზე ძალადობის 68 შემთხვევაა დაფიქსირებული.

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ქალთა საინფორმაციო ცენტრის’’ დირექტორ ელენე რუსეცკაიას თქმით, ორგანიზაცია ქალთა უფლებების დაცვის და მათი გაძლიერების კუთხით არაერთ პროექტს ახორციელებს და მუშაობს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების, მათი პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდის კუთხით. ელენე რუსეცკაიას აზრით, იმისთვის რომ ოჯახში ძალადობის ფაქტები შემცირდეს, სახელმწიფო კომპლექსურად უნდა უდგებოდეს ამ საკითხს. აღნიშნულ პროცესში კი, უნდა იყვნენ ჩართულები არა მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები, არამედ განათლების, ჯანდაცვის, სასჯელაღსრულების სამინისტროები, რათა ერთიანი სტრატეგია შემუშავდეს და, რაც მთავარია, შემდგომ იმპლემენტაციაზე – მონიტორინგი.

-,,საკანონმდებლო ბაზის სრულყოფასთან ერთად, ქვეყნის ინფრასტრუქტურაც უნდა მოერგოს, როგორც ეროვნული კანონმდე-ბლობით, ისე – საერთაშორისო ხელშეკრულებებით თუ შეთანხმებებით ნაკისრ ვალდებულებებს. გარდა ოჯახში ძალადობისა, აუცილებლად მიმაჩნია ბრძოლა ზოგადად ბოლო დროს გახშირებულ ქალთა მკვლელობასთან და, ვფიქრობ, რომ მაშინ, როცა 10 თვის განმავლობაში ქვეყანაში 20-ზე მეტი ქალია მოკლული, აუცილებელია, ფემიციდი მკვლელობის დამამძიმებელ გარემოებად იქნეს მიჩნეული. ყურადღება უნდა გამახვილდეს იმაზე, რომ ქალთა უფლებებისა თუ გენდერული თანასწორობის შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია დაბალანსებულად მიეწოდოს, ანუ ისე, რომ ამან არ გამოიწვიოს დამატებითი აგრესია მოსახლეობაში. ‘’