სავალუტო ჯიხურების უმეტესობაში დოლარის კურსი 1.87 ლარია
სავალუტო ჯიხურების უმეტესობაში ერთ აშშ დოლარს 1,87 ლარად ყიდულობენ, ხოლო დოლარის გასაყიდი ფასი 1,89 ლარია. “გუშინ კურსმა 100 დოლართან მიმართებაში მოიმატა 3 ლარით, შემდეგ დაეცა 80 თეთრით და ცოტა ხანში ისევ აიწია, დღეს დილიდან კურსი შედარებით დასტაბილურდა. დღეს მატება 50 თეთრია”, – აცხადებენ ჯიხურებში.
მათივე ინფორმაციით, მომხმარებელი ვალუტის ჯიხურებში შემცირდა. “ვისაც დოლარში აქვს სესხი ან გადასახდი, დოლარს ძირითადად ისინი ყიდულობენ. არაინ მომხმარებლები, რომლებიც ყოველ დღე შემოდიან კურსის საკითხავად. ზოგი მომატებას, ზოგი კი კურსის დაკლებას ელოდება. ძირითადად დოლარს უფრო ყიდულობენ, ვიდრე ყიდიან”, – აცხადებენ ჯიხურებში.
მომხმარებელთა უმრავლესობა დოლარის კურსის მატებით უკმაყოფილოა.
“სესხი მაქვს დოლარში, რომელიც ხვალ უნდა გადავიხადო, დღეს შევამოწმე კურსი და საკმაოდ გაზრდილია, დოლარი არ ვიყიდე. იქნებ ხვალისთვის დაკლებული იყოს და ნაკლები ლარის გადახდა მომიწიოს”, – აღნიშნა ერთ-ერთმა მომხმარებელმა.
მოქალაქეები ამბობენ, რომ ლარის კურსის გამო გაურკვევლობაში არიან. გაცვლითი ოფიციალური კურსი ამ დროისთვის 1.86-ია.