ქართული ღვინო რუსულ ბაზარზე გაძვირდება
ქართული ღვინო რუსულ ბაზარზე გაძვირდება – ასეთი პროგნოზი აქვთ ქართველ მეღვინეებს მას შემდეგ, რაც რუსული რუბლის დევალვაცია დაიწყო. ექსპორტიორი კომპანიების ხელმძღვანელების თქმით ამ ეტაპზე რუსეთი პარტნიორებისგან პირველი შეტყობინებები მიიღეს.
“მსყიდველობით უნარიანობა მცირდება, პროდუქციის ფასი იზრდება. ძირითადი გაყიდვები კი ქართულ ღვინოზე მოდის ადგილობრივ ნაციონალურ სავაჭრო ქსელებზე. მათ არ შეუძლიათ, რომ გაზარდონ მისაღები პროდუქციის ფასები იმ ტემპებით, რა ტემპემბითაც ხდება რუბლის დევალვაცია. შესაბამისად, რუსული ალკოჰოლური სასმელების იმპორტიორი კომპანიები ითხოვენ გაიაფდეს ქართული ღვინო, რაც დღევანდელ დღეს შუძლებელია იმ ფონზე, რომ ქართული ღვინო არამც თუ უნდა გაიაფდეს, არამედ უნდა გაძვირდეს’’,–განაცხადა ,,თბილღვინოს’’ ხელმძღვანელმა გიორგი მარგველაშვილმა.
ქართველი მეღვინეები ღვინის ფასის გაზრდის რამდენიმე მიზეზს ასახელებენ. მთავარი კი რეკორდულად გაზრდილ ფასებში ჩავლილი რთველია.
ღვინის სააგენტოში აცხადებენ, რომ რუსულ ემბარგომდე ქართული ექსპორტი 87 % მოდიოდა ჩრდილოელი მეზობლის ბაზარზე. გასულ წელს რუსეთთან აღდგენილი სავაჭრო ურთიერთობის შემდეგ კი, ღვინის ექსპორტი 60 % აღწევს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველა კომპანიას მოუწევს რუსული რუბლის გაუფასურების პროცესში ღვინის ფასებს ან მიწოდებას გადახედონ. სახელმწიფოს მეღვინეებისთვის მხოლოდ ალტერნატიული ევროპული ბაზრის ათვისებაში და იქ ქართული ღვინის პოპულარიზაციაში შეუძლია დახმარების გაწევა.
ღვინის სააგენტოს ინფორმაციით, ქართული ღვინის ექსპორტი წელს, როგორც ჩინურ, პოლონურ და ამერიკულ ბაზარზე საგრძნობლად გაიზარდა. სააგენტოს განცხადებით, ხელისუფლება რუსულ ბაზარზე ფოკუსირებული არ არის და ალტერნატიული ბაზრის ასათვისებლად აქტიურად მუშაობს. რუსულ ბაზარზე მოვაჭრე ექსპორტიორმა კომპანიებმა კი რისკ ფაქტორები თვითონ უნდა განსაზღვრონ.