ახალი ამბები

ყვარელში პოლიციელის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შსს–ს ინფორმაციით, ბრალდებულმა 30 ნოემბერს, ყვარელში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, წლების წინ მომხდარი კონფლიქტის ნიადაგზე, ყვარლის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელს, პოლიციის კაპიტანს, 44 წლის გელა ფ-ს გადაჭრილი სანადირო თოფიდან ზურგში ესროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი პოლიციელის გადარჩენა სამედიცინო ჩარევის მიუხედავად ვერ მოხერხდა. ის საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ილია ს. დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში ყვარელში, კუდიგორის ქუჩაზე დააკავეს. შსს-ს ცნობით, მას გადაწყვეტილი ჰქონდა საქართველოს ტერიტორიის დატოვება და ინგლისში გამგზავრება. პოლიციის ცნობით, დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ბრალდებით მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).