მაწვნის დასახელებით მხოლოდ ადგილობრივი დედოთი დამზადებული პროდუქტი გაიყიდება
პროდუქტი, რომელიც ბაზარზე მაწვნის დასახელებით გაიყიდება, მხოლოდ ნატურალური რძით და საქართველოს ტერიტორიაზე გამოყოფილი, ადგილობრივი რძემჟავა ბაქტერიების შტამებისაგან შემდგარი დედოთი უნდა დამზადდეს.
ტექნიკური რეგლამენტი მიზნად ისახავს რძის პროდუქტების სფეროში მომხმარებელთა ინტერესების დაცვას და შემდეგ ბიზნეს–ოპერატორისა და ბაზრის ურთიერთობის დარეგულირებას.
საცალო ვაჭრობის ობიექტებში და სამომხმარებლო ბაზარზე განთავსებული რძის პროდუქტებისთვის ამ რეგულაციას შემოაქვს დიფერენციაცია. ის ნაწარმი, რომელიც დამზადებულია მხოლოდ რძისმიერი ინგრედიენტებით (შედგება იმ კომპონენტებით, რომელსაც ბუნებრივი შემადგენლობა აქვს: რძის ცხიმი, რძის ცილა, რძის შაქარი, შემდეგ რძის მინერალური ელემენტები და ვიტამინები), ამ ნედლეულისგან წარმოებულ ნაწარმს შეიძლება ეწოდოს რძის პროდუქტი. თუ იქნება გამოყენებული რძისმიერი კომპონენტები, მაშინ მათ ეწოდებათ მხოლოდ და მხოლოდ რძის შემცველი პროდუქტი.
რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტების მომზადების ვალდებულება საქართველოს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) [რომელიც ნაწილია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების] ფარგლებში აქვს აღებული.
სურსათის უვნებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობას უნდა მიუახლოვდეს.