ახალი ამბები

პროდუქტებზე ფასების მატება იანვრის ბოლომდე გაგრძელდება

ბოლო დღეებში საქართველოში პირველადი მოხმარების პროდუქტები გაძვირდა. თუ ერთი ტომარა წიწიბურა აქამდე 25-26 ლარი ღირდა, ახლა 36-37 ლარი ღირს. ასევე, ერთი ტომარა შაქრის ფასი 61 ლარის ნაცვლად 64 ლარია. ღირებულებამ 10-20 თეთრით მოიმატა შესქელებულ რძეზეც და 1,65 თეთრს მიაღწია. 
ეს არაოფილიაცური ინფორმაციაა, რომელიც დღეს ბაზარზე ფიქსირდება. ინფლაციის ზუსტი რიცხვის შესახებ ინფორმაცია სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მიმდინარე კვირაში უნდა გამოაქვეყნოს.
ექსპერტები ფასების მატებას ლარის გაუფასურებასა და სეზონურ, პროდუქციის საახალწლო გაძვირებას უკავშირებენ. მათი შეფასებით, გაძვირების ტენდენცია იანვრის ბოლომდე გაგრძელდება.
პროდუქტების ღირებულების ცვლილებას აღიარებს ხელისუფლებაც, თუმცა, ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის შეფასებით, ფასები საშუალოდ 3,4%-ით არის მომატებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ზოგიერთი პროდუქცია უფრო მეტად არის გაძვირებული, ზოგიერთი კი ნაკლებად.
ფინანსთა მინისტრის მტკიცებით, 3,4%-იანი გაძვირება დიდი მაჩვენებელი არ არის. რაც შეეხება ფასების მატების ერთ-ერთ უმთავრეს მიზეზს, ლარის გაუფასურებას, ნოდარ ხადურს პროგნოზების გაკეთება უჭირს.
„ლარი არის ცოცხალი ორგანიზმი და მასზე მოქმედებს ძალიან ბევრი ფაქტორი, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ მის კურსს საფრთხე არ ემუქრება“,- აღნიშნავს ნოდარ ხადური.