საზოგადოებრივმა საბჭომ ლაფანყურის სპეცოპერაციის სკანდალური ანგარიში გამოაქვეყნა
ანგარიშის თანახმად, საზოგადოებრივი საბჭო სამართალდამცველებისგან ითხოვს პასუხს კითხვაზე, რატომ არ ჩაუტარდათ ცხედრებს ექსპერტიზა.
დოკუმენტში საუბარია დაღუპული სამხედრო ექიმის ვლადიმერ ხვედელიძის მშობლებისთვის გადაცემულ დასკვნაზე, რომლის მიხედვითაც მისი გარდაცვალება მრავლობითმა ჭრილობებმა გამოიწვია. თუმცა, მშობლების განცხადებით, ხვედელიძეს გულში მხოლოდ ერთი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი.
დოკუმენტიდან ირკვევა, რომ 2014 წლის 16 მაისს სპეცოპერაციის ადგილის დასათვალიერებლად ლოპოტის ხეობაში ომბუდსმენი და მისი წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. „უშუალოდ ფერდობზე, სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა, კვლავაც არის მრავალი ნივთმტკიცება, რომლებიც შეიარაღებული დაჯგუფების წევრების ყოფნასა და ბრძოლის კვალს ადასტურებს. ხეების ძირში ყრია დიდი ოდენობით გასროლილი ტყვიის მასრები… იმავე ადგილებში იქნა ნაპოვნი ასევე გამოუყენებელი ტყვიებიც, კბილის ჯაგრისები, შოკოლადისა და სხვა საკვების შეფუთვის ქაღალდები, მათ შორის არაბული წარწერებით“, – ნათქვამია ანგარიშში.
სახალხო დამცველთან არსებულმა საზოგადოებრივმა საბჭომ 14 პირი გამოკითხა. ამასთან, საბჭოს წევრების განცხადებით, ანგარიშის მომზადებისას მათთან არ ითანამშრომლა შს მინისტრის ყოფილმა მოადგილე გია ლორთქიფანიძემ.
2012 წლის 26 აგვისტოს სოფელ ლაფანყურის მკვიდრი 5 ახალგაზრდა გაუჩინარდა 2012 წლის 28 აგვისტოს კი ოფიციალური წყაროებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კავკასიიდან საქართველოს ტერიტორიაზე შემოვიდა დივერსიული ჯგუფი. შეიქმნა კრიზისების მართვის შტაბი, რომელშიც შედიოდნენ: შს იმჟამინდელი მინისტრი ბაჩო ახალაია, იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი და თავდაცვის მინისტრი დიმიტრი შაშკინი. შტაბს ხელმძღვანელობდა მაშინდელი პრემიერი ვანო მერაბიშვილი. 29 აგვისტოს შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შსს-ს თანამშრომლები არჩილ ჩოხელი და სოლომონ წიკლაური, ასევე თავდაცვის სამინისტროს ექიმი ვლადიმერ ხვედელიძე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად გარდაიცვალნენ. ამავე ინფორმაციით, დაჯგუფების 11 წევრი ლიკვიდირებული იყო. თუმცა, ანგარიშის თანახმად, საბჭოს შსს-მ 2014 წლის აგვისტო-ოქტომბრის წერილებით აცნობა, რომ სინამდვილეში სპეცოპერაციის დროს დაიღუპა დაჯგუფების 7 წევრი.
“იმ დროს, როდესაც შსს-ს უმაღლესი პირები აცხადებდნენ, რომ დაჯგუფების წევრები ჩრდილო კავკასიიდან შემოვიდნენ, საქართველოს ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებისთვის სავარაუდოდ ცნობილი იყო, რომ ჯგუფის წევრების მიზანი ჩრდილოეთ კავკასიაში გადასვლა იყო”, – ნათქვამია ანგარიშში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ “აუცილებლად უნდა გაირკვეს, რა მიზანს ემსახურებოდა ხელისუფლების უმაღლესი პირების მიერ საზოგადოებისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება არა მხოლოდ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, არამედ ჯგუფის დაღუპული წევრების რაოდენობასთან დაკავშირებითაც.”