სოფლის მეურნეობის მინისტრმა დარგის ორ წლიანი მუშაობა შეაჯამა
სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ მთავრობის მიერ ინიცირებული პროექტის – „საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის“ – ფარგლებში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ 2013-2014 წლებში განხორციელებული ფართომასშტაბიანი პროექტების და გაწეული მუშაობის შედეგები შეაჯამა.
,,მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ სოფლის მეურნეობა რეალურ პრიორიტეტად გამოაცხადა, ორი წლის მანძილზე კომპლექსურად გატარდა ქმედითი, მნიშვნელოვანი და მასშტაბური ღონისძიებები. სოფლად გაჩნდა იმედი და განცდა იმისა, რომ სახელმწიფო რეალურად ფიქრობს სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, ფიქრობს გლეხსა და ფერმერზე“- განაცხადა მინისტრმა.
ოთარ დანელია თქმით, სახელმწიფოს პოლიტიკის და სწორი მიდგომების შედეგია ის ამ ორი წლის განმავლობაში მიღწეული შემდეგი წარმატებები:
. მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი.
. შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი.
. სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში დამტკიცებული 16 პროექტი.
. 2014 წლის პირველი სექტემბრიდან აგროდაზღვევის საპილოტე პროგრამის ამოქმედება.
. ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროექტი.
. 2013-2014 წლებში განხორციელებული სამეწარმეო ციტრუსის სუბსიდიის პროექტი.
. წარმატებული რთველი; ღვინის ექსპორტის გაზრდა; საქართველო ღვინის ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის (WWTG) თავმჯდომარე ქვეყანა გახდა.
. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის შექმნა.
მინისტრმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეტაპობრივად იქმნება ისეთი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც ევროკავშირის კანონმდებლობასთან მაქსიმალურად დაახლოებს სოფლის მეურნეობის დარგის მარეგულირებელ ეროვნულ კანონმდებლობას. ასევე, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ქვეყანაში წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ხარისხის გაზრდის, უსაფრთხოების, საექსპორტო ბაზრების გაზრდის მიმართულებითაც.
„სოფლის მეურნეობის დარგი ეტაპობრივად მიმზიდველი გახდება როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე უცხოელი ინვესტორებისთვის“- აღნიშნა ოთარ დანელიამ.