არაშენდის მოსახლეობის 108 ჰექტარ საძოვარს ყიდიან
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდის მოსახლეობის 108 ჰექტარ საძოვარს გაყიდვის საფრთხე ემუქრება. მიზეზად მოსახლეობის მხრიდან მიწის გადასახადის გადაუხდელობა სახელდება.
არაშენდელი თამაზ მედულაშვილი, სოფლის სხვა მაცხოვრებლებთან ერთად საძოვრის გაყიდვის შემთხვევაში, იძულებული იქნება, 2 სული ძროხა გაყიდოს. შედეგად, ისინი შემოსავლის ერთადერთი წყაროს გარეშე დარჩებიან.
არაშენდელები განმარტავენ, რომ 2007 წელს წინა ხელისუფლებამ სოფლის საძოვარი აუქციონზე გასაყიდად გაიტანა. არაშენდელებმა დაახლოებით 5000 ლარი შეაგროვეს და სახნავ-სათესი მიწა გამოისყიდეს. ისინი იმედოვნებდნენ, რომ მიწას საძოვრის სტატუსი მიენიჭებოდა. 108 ჰექტარ მიწას ისევ სახნავ-სათესის სტატუსი შეუნარჩუნდა. ადგილობრივები მიწისთვის საძოვრის სტატუსის მინიჭებას მოითხოვენ.
არაშენდის მოსახლეობის მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ გასული წლის ოქტომბერში ხელისუფლებამ, მიწის გადასახადის გადაუხდელობის გამო, დააყადაღა სოფლის საძოვარი, რომელიც ადგილობრივი მცხოვრების – ლევან მედულაშვილის სახელზეა გაფორმებული.
„ფული საიდან უნდა გვქონდეს? სამუშაო ჩვენ არ გვაქვს და თან 40 000 ლარის გადახდა შეუძლებელია. 40 00 კი არა 4000 ლარი ერთიანად არც კი გვინახავს. ერთხელ გადავიხადეთ, მეორედ. ფიზიკურად ვერ ვიხდით გადასახადს. მოსახლეობამ რა უნდა ვქნათ? თუ საძოვარს გაგვიყიდიან, ეს გაღარიბებული ხალხი კიდევ უფრო გავღატაკდებით“, – აღნიშნავს სოსო პანკიშვილი.
ადგილობრივები ამბობენ, რომ, 2007 წლიდან, ეკონომიური სიდუხჭირის გამო, მიწის ყოველთვიურ გადასახადს ვერ იხდიან. დავალიანებამ ჯამში 40 000 ლარი შეადგინა.
ადგილობრივები აღნიშნავენ, რომ ამ მდგომარეობიდან ერთადერთი გამოსავალი მიწის გადასახადის დავალიანების ჩამოწერაა. თუ დაგროვებული 40 000 ლარის მთლიანად ჩამოწერა ვერ მოხერხდა, არაშენდელები დავალიანების სიმბოლურ ფასად გადახდას მოითხოვენ.
კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი განმარტავს, რომ გუბერნიამ სოფელ არაშენდის მოსახლეობას შემოსავლების სამსახურთან შუამდგომლობა გაუწია.
კახეთის გუბერნატორის, ირაკლი შიოლაშვილის განმარტებით, არაშენდელებმა შემოსავლების სამსახურს საგადასახადო შეთანხმებაზე განცხადებით უნდა მიმართონ, რომელიც გულისხმობს მიწის გადასახადის დავალიანების საკმაოდ შეღავათიან ფასად გადახდას:
„ჩვენ არაშენდის მოსახლეობას შემოსავლების სამსახურთან გავუწიეთ რეკომენდაცია სიმბოლურ ფასად საგადასახადო შეთანხმების შესახებ, რადგან ამ შემთხვევაში მხოლოდ სოფელი იღებდა ეკონომიკურ სარგებელს. სოფლის მოსახლეობა და შემოსავლების სამსახური სიმბოლურ ფასთან დაკავშირებით მოილაპარაკებენ და შეთანხმდებიან. ეს პრობლემა პოლიტიკური თვალსაზრისით უკვე გადაწყვეტილია და დარჩენილია მხოლოდ ტექნიკური საკითხები“, – განმარტა ირაკლი შიოლაშვილმა.
შემოსავლების სამსახურში გაზეთ „კახეთის ხმას“ კი განუცხადეს, რომ აღნიშნულ საკითხზე მუშაობენ და გადაწყვეტილებას მხოლოდ პროცესის დასრულების შემდეგ გამოაქვეყნებენ.