ორველაშვილების ოჯახი სახელმწიფოსგან 29 000 ლარის გადახდას ითხოვს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში მცხოვრები ორველაშვილების ოჯახი სახელმწიფოსგან კომპენსაციის სახით 29 000 ლარის გადახდას ითხოვს.
61 წლის ნინო ორველაშვილის თქმით, მისმა მეუღლემ საწარმოო ტრავმა სს ,,კახეთის პურის’’ ყოფილ კომბინატში მუშაობის დროს მიიღო და მას დღემდე კომპენსაციას არ აძლევენ. შემთხვევა 1986 წელს მოხდა, რომლის შემდეგაც იგი თავისუფლად გადაადგილებას ვეღარ ახერხებს.
,,ჩემი მეუღლე მუშაობდა კაჭრეთის პურ-პროდუქტების კომბინატში, მერე გადაერქვა სახელი და დაერქვა სს ,,კახეთის პური”. მას მერე გაუქმდა, თუ არა ეს დაწესებულება, აღარ ვიცი.
ჩემმა ქმარმა საწარმოო ტრავმა 1986 წელს მიიღო, მას შემდეგ კი, მისი ჯანმრთელობა დღითიდღე მძიმდება. იქიდან მოყოლებული ცოტა ხანს ჯერ 700 კუპონს ვიღებდით და მერე 42 ლარს, 2002 წლიდან კი, შეგვიწყვიტეს. 2005 წლიდან დავდივართ, რომ თანხა ვინმემ აგვინაზღაუროს, მყავდა ადვოკატებიც აყვანილი, სასამართლოსაც მივმართეთ და საქმე აღსრულებამდეც მივიდა.
თანხის გადახდა დაეკისრა სს ,,კახეთის პურს’’ და, რომ მოვიძიე, მითხრეს, ეს დაწესებულება აღარ არსებობსო. მერე აქ თელავის სასამართლოში წამოვიღე საქმე და ვერც ამათ მიიყვანეს აღსრულებამდე. მარტო საბუთი ჩაიბარეს და დააწერეს, რომ, ქონების უქონლობის გამო, აღსრულება არ შეიძლებაო. მას მერე ასე დავდივარ და სამართალი ვერსად ვიპოვე’’, – აცხადებს knews.ge-სთან ნინო ირველაშვილი.
ოჯახის ადვოკატ ქეთევან ზაქარიაშვილის განცხადებით, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ წლების წინ ოჯახი დაზარალებულად ცნო, თუმცა ოჯახს დღემდე ვერ გაურკვევია, ფულს ვინ გადაიხდის და სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებისთვის ვის უნდა მიმართოს:
,,გვეუბნებიან, რომ ,,კაჭრეთის პურის’’ მემკვიდრე დღევანდელი შპს ,,კარმეკე’’, რომელიც ახლა იმ ტერიტორიაზეა განთავსებული, არ არის მათი სამართალმემკვიდრე, ვინაიდან დაწესებულება რამდენჯერმე გაიყიდა. ჩვენ უკვე მივმართეთ გუბერნიასა და ჯანმრთელობის სამინისტროს, რომელიც თავიდან იცილებს ამ საკითხს. ისინი ჩვენ გვითითებენ სასამართლოსკენ, მაგრამ პროცესს ჩვენ სწორად ვერ წარვმართავთ, რადგან სამართალმემკვიდრე არ არსებობს. რაც შეეხება ,,კახეთის პურს’’ რომელსაც ახლა შპს ,,კარმენკე’’ ქვია, ჰყავს უცხოელი მფლობელი ვინმე კასამილ კასუმოვი, რომელიც ამბობს, რომ ის არაფერ შუაშია, ამიტომ დავდივართ ინსტანციიდან ინსტანციაში და მე თვითონ ადვოკატს, ვერ გამიგია, ვის მივმართო და ეს ოჯახი როგორ დავიცვა.’’
ადვოკატისვე თქმით, ოჯახი 29 ათასი ლარის ანაზღაურებას ითხოვს და იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ვერ დაადგენს სამართალმემკვიდრეს, მაშინ სახელმწიფომ უნდა გადაიხადოს:
,,გვეუბნებიან, თქვენ მოიძიეთ ვინ უნდა გადაიხადოს თანხაო და ჩვენ ამას ვერ ვაკეთებთ, რადგან სახელმწიფომ თავის დროზე ამ საწარმოს დატაცებას შეუწყო ხელი. ამათ გარდა კიდევ 100-მდე მოქალაქეა დაზარალებული, რომელთა უფლებებიც უხეშად დაირღვა.’’