მეხორბლეები დღგ-ს გადახდისას გამონაკლისის დაშვებას ითხოვენ
კომპანიებს, რომლებსაც წელიწადში 200 ათას ლარზე მეტი ბრუნვა ჰქონდათ, შეეძლოთ დღგ-ს გადახდა გადაევადებინათ, თუმცა მიმდინარე წლის 1–ლი ივნისიდან ეს შეღავათი გაუქმდა. შესაბამისად, იმპორტიორებს დამატებული ღირებულების გადასახადის გადახდა პროდუქციის შემოტანიდან 30 დღეში უწევთ.
ცვლილების მიზანი თავის დროზე ადგილობრივი და იმპორტიორი კომპანიების თანაბარ პირობებში ჩაყენება იყო, თუმცა სოფლის მეურნეობის პროდუქცია ისედაც გათავისუფლებულია დამატებითი ღირებულების გადასახადისგან, ხოლო ქვეყანა იმპორტირებულ ფქვილზეა დამოკიდებული.
მეხორბლეები ამ თემასთან დაკავშირებით გეგმავენ პარლამენტს მომავალ კვირაში მიმართონ.
მეხორბლეთა ასოციაციის ხელმძღვანელის თქმით, დღეს არსებული ტენდენციით მომავალ წლისთვის ხორბლის ფასის მატებაა მოსალოდნელი და მარაგის შექმნა აუცილებელია.