მცირე ფერმერები „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში ბანკების პოლიტიკას აპროტესტებენ
მიზეზად აცხცადებენ, რომ ზურგს მათ უძრავი ქონება არ უმაგრებს, სახელმწიფო კი ამ შემთხვევაში ბანკის მიმართ ფერმერის გარანტორად არ გამოდის.
საშუალო და მცირე ფერმერებისთვის წარმოქმნილ პრობლემას ბანკების მხრიდან შექმნილი ბარიერებით ხსნის სოფლის მეურნეობის მინისტრი.
ოთარ დანელია აცხადებს, რომ მათთან ხშირად შედის ინფორმაცია, რომ რაიონებში და სოფლებში, ხშირ შემთხვევაში ძალიან იაფად აფასებენ უძრავ ქონებას ან საერთოდ უარს ამბობენ თანხის გაცემაზე. თუმცა, როგორც მინისტრი ამბობს, სამწუხაროდ, ხელისუფლება ამ საკითხში პირდაპირ ჩარევის უფლება არ აქვს.
მისივე თქმით, შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი იქნებოდა სახელმწიფო ფონდის შექმნა, რომელიც ბანკებს კონკურენციას გაუწევდა და ფერმერებზე კრედიტებს გასცემდა.
შეფასებას, რომ ბანკების პოლიტიკის გამო აგროკრედიტების სახელმწიფო პროგრამა აზრს კარგავს და სახელმწიფო ფერმერს გარანტორად არ უდგება, არ ეთანხმება სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის მენეჯერი ირაკლი მოისწრაფიშვილი, რომელიც ამბობს, რომ ბანკების ინფორმაციით, კოოპერატივებში გაერთიანებულ ფერმერებს საერთო სესხისთვის საკუთარი ქონების უზრუნველყოფად ჩადება არ სურთ და ამ საკითხში ვერ თანხმდებიან.
მისივე განმარტებით, ბანკს აქვს არაუზრუნველყოფილი სესხებიც, თუმცა მათი ზედა ზღვარი 10 ათასი დოლარია და მათაც ბანკები მხოლოდ გამოცდილ კლიენტებზე გასცემენ. სტარტაპზე კი, მისივე განმარტებით, ეს თანხა არასაკმარისია და მეორეც – წარმოუდგენელია, ბანკმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს.
მოისწრაფიშვილი ასევე არ იზიარებს მოსაზრებას, რომ სამთავრობო პროგრამის ფარგლებში სესხის აღება მხოლოდ მსხვილ ბიზნესს შეუძლია.
მისი თქმით, ასევე მცდარია შეფასება, რომ სახელმწიფო არასათანადო უზრუნველყოფის მქონე ფერმერს გარანტორად არ უდგება, რადგან პროგრამის მეორე კომპონენტში სახელმწიფო დებს 30%–იან მეორად უზრუნველყოფას, თუმცა მანამდე ფერმერმა სესხი უნდა აიღოს.
ირაკლი მოისწრაფიშვილის თქმით, ბანკები დაინტერესებულნი არიან კრედიტის გაცემით და ფულსაც კი ხარჯავენ კლიენტურის მისაზიდად. ამიტომ კრედიტების გაცემისას ბარიერების შექმნაში თავად ბანკების დადანაშაულებაც გაუმართლებელია.