თესაუს რექტორატმა პროფესორების საათობრივ აღრიცხვასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადება შეცვალა
12 ნოემბერს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორატმა ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის საათობრივ აღრიცხვასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება თესაუს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გაავრცელა. განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ პროფესორების ყოველ საათში ერთხელ აღრიცხვა ერთ-ერთი ფაკულტეტის დეკანატის შეცდომა იყო და ეს ფაქტი რექტორატის და პირადად რექტორის ჩარევის შემდეგ გამოსწორდა. რამდენიმე დღეში კი შეიცვალა თესაუს რექტორატის მიერ გავრცელებული განცხადება, რომელშიც ერთ-ერთი ფაკულტეტის დეკანატის შეცდომის შესახებ შესაბამისი წინადადება ამოღებულია.
“უნივერსიტეტის ერთ-ერთ ფაკულტეტზე აკადემიური პერსონალის მიერ სამსახურში დასწრების დამადასტურებელ ხელმოწერასთან (ყოველ საათში ერთხელ) არავითარი კავშირი რექტორატს არ გააჩნია. მსგავსი დავალება არცერთი ფაკულტეტის დეკანს არ მიუღია”, – ნათქვამია თესაუს რექტორატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თესაუს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნელი ცქიტიშვილმა knews.ge-ს დაუდასტურა რექტორატის განცხადების შეცვლის ფაქტი, თუმცა ცქიტიშვილი ინფორმირებული არ არის, ვინ შეცვალა განცხადება.
“საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში შემოვიდა რექტორატის განცხადება, რომელიც წავიკითხე, სტილისტურად შევასწორე და ვებ-გვერდზე განვათავსეთ. განცხადებაში ეწრა, რომ რექტორატი პროფესორების საათში ერთხელ აღრიცხავის ფაქტთან კავშირს გამორიცხავდა და აღნიშნავდა, რომ ეს ფაქტი იყო ერთ-ერთი ფაკულტეტის დეკანატის შეცდომა. განცხადებიდან ნამდვილად იყო ამოღებული იყო ის წინადადება, რომელშიც ეწერა, რომ ერთ-ერთმა ფაკულტეტმა შეცდომა დაუშვა. მე არ ვარ ინფორმირებული, ვინ შეცვალა ეს განცხადება ვებ-გვერდზე”, – განუცხადა knews.ge-ს ნელი ცქიტიშვილმა.
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ავთანდილ ღელაღუტაშვილმა საკითხის კომენტირება არ ისურვა. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებ-გვერდს ინფორმაციით საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური უზრუნველყოფს, ხოლო თესაუს საიტის პროგრამული ადმინისტრირება კი ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის ფუნქციებში შედის. Knews.ge რამდენჯერმე შეეცადა ვებ-გვერდის ადმინისტრატორთან, თამარ ხოტენაშვილთან დაკავშირებას, თუმცა ხოტენაშვილს ტელეფონი გამორთული აქვს.
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მხოლოდ ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე მიმდინარეობდა პროფესორების აღრიცხვა. პროფესრ-მასწავლებლები 9:00 -დან 15 საათამდე უმაღლეს სასწავლებელში ყოფნას ყოველ სრულ საათზე სპეციალურ უწყისში ადასტურებდნენ. მას შემდეგ, რაც პროფესორების ტაბელური აღრიცხვის შესახებ გაზეთმა “კახეთის ხმამ” სტატია გამოაქვეყნა, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორების საათში ერთხელ აღრიცხვა აღარ მიმდინარეობს. აკადემიური საბჭოს დადგენილებით, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორ-მასწავლებელთა მუშაობა ტაბელური სისტემით აღრიცხვას დაექვემდებარა.
აკადემიური საბჭოს ეს დადგენილება ვრცელდება მხოლოდ იმ პროფესორ მასწავლებლებზე, რომლებმაც 2014 წლის სექტემბერში დაიკავეს აკადემიური თანამდებობა. აკადემიური საბჭოს დადგენილების გარდა პროფესორის საქმიანობას არეგულირებს დებულება აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესის შესახებ, რომლის მიხედვითაც პროფესორი ვალდებულია, უნივერსიტეტში შრომითი ურთიერთობის დროს იმყოფებოდეს მინიმუმ სამი სამუშაო დღის განმავლობაში, ხოლო ასოცირებული და ასისტენტ-პროფესორებისათვის უმაღლეს სასწავლებელში საქმიანობა 4 დღით განისაზღვრება.