საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა თელავში შეხვედრა ჩაატარა
საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის, მერი დაუშვილის თქმით, აღწერის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
,,შევხვდით პროექტში ცართულ აღმწერებს, ვისაუბრეთ იმ პრობლემებზე რაც მათ ჯახებში მისვლისას ექმნებათ და მისი მოგვარების გზებზე”,- განუცხადა knews.ge-ს მერი დაუშვილმა.
შეხვედრას ასევე ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ექსპერტი, მაიკლ სტაინერი ესწრებოდა, რომელმაც მიღებული ინფორმაციის საფუძველზე აღწერის პროცესი დადებითად შეაფასა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 5 ნოემბრიდან დაიწყო 15 დღის განმავლობაში გაგრძელდება.
აღსანიშნავია, რომ აღწერა, თავისი მასშტაბითა და შინაარსით, წარმოადგენს უნიკალურ საინფორმაციო წყაროს, მოსახლეობის სოციალური, ეკონომიკური და დემოგრაფიული მდგომარეობის შესახებ. აღწერის შედეგად მიღებული იქნება უახლესი ინფორმაცია მოსახლეობის რიცხოვნობის, მათი სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურის, დასაქმების, განათლების, ჯანმრთელობის მდგომარეობის, საარსებო წყაროებისა და საცხოვრისების შესახებ.
საქსტატში აცხადებენ, რომ იმის გამო, რომ საქართველოში სასოფლო-სამეურნეო აქტიურობა და პროდუქციის წარმოება ძირითადად ხორციელდება შინამეურნეობების სექტორში და ამასთან ერთად, საქსტატი ეყრდნობა რა გაეროს 2010 წლის აღწერების რაუნდისათვის შემუშავებულ რეკომენდაციებს, დანახარჯებისა და ადამიანური რესურსების ოპტიმალურად გამოყენების მიზნით, მოსახლეობის აღწერის ჩატარებისას (5-19 ნოემბრის პერიოდში) სოციალური და დემოგრაფიული სახის მონაცემებთან ერთად, სპეციალური კითხვარის მეშვეობით, აგროვებს ასევე ინფორმაციას შინამეურნეობების სასოფლო-სამეურნეო აქტიურობის შესახებ.