სახელმწიფო ქარსაცავი ზოლების გაშენებას გეგმავს
აგრარულ საკითხთა კომიტეტის აპარატის უფროსი ივერი ახალბედაშვილი აცხადებს, რომ მათ აქვთ კონსულტაციები გარემოს დაცვის სამინისტროსთან და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პროფესორებთან, ექსპერტებთან, რომელთა უშუალო დახმარებით, მიმდინარეობს კანონპროექტზე მუშაობა, რაც მისი თქმით, მნიშვნელოვანია განსაკუთრებით იმის ფონზე, როდესაც ქვეყანაში კლიმატური პირობების დამძიმება ხდება.
ახალბედაშვილის თქმით, სწორედ ქარსაფარი ზოლი განიხილება, როგორც მელიორაციის ერთ ერთი მიმართულება და შეიძლება ითქვას, რომ შესაძლოა ამან დიდი როლი ითამაშოს მაშინ, როდესაც ქარსაფარის დიდი ნაწილი განადგურებულია და ამ განადგურების შემდეგ, ქარისმიერი ეროზიის შედეგად, გამოწვეული უარყოფითი შედეგები სახეზეა.
მისივე განცხადებით, თავად ფერემერები და გლეხებიც ხვდებიან, რომ ქარსაფარ ზოლს ჰქონდა და აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა მათი მოსავლიანობის შენარჩუნებაში. გარდა ამისა, ქარსაფარ ზოლს აქვს მეორე მნიშვნელობაც – შეიძლება ქარსაფარი ზოლის შუალედურ ჭრილებში ისეთი ხე–მცენარეები დაირგოს, რომელიც ხელს შეუწყობს სხვა, თანმდევი დარგის აღორძინებას. მაგალითად, მეაბრეშუმეობას, ანუ თუთის ხეების დარგვით შეიძლება შეიქმნას საკვები ბაზა მეაბრეშუმეობისათვის.