ახალი ამბები

კახეთში სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის პროექტი იწყება

“ფრონტერას” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიამ ტეხასის სოფლის მეურნეობის და საინჟინრო უნივერსიტეტთან არსებულ “ნორმან ბორლაგის სახელობის სოფლის მეურნეობის საერთაშორისო ინსტიტუტს” და უნივერსიტეტის “აგრარულ კველვით ცენტრს” მრავალწლიანი პროექტის შემუშავება დაუკვეთა. პროექტის ფარგლებში ტეხასის სოფლის მეურნეობისა და საინჟინრო უნივერსიტეტის მარცვლოვანთა ბანკში არსებული ტეხასის ხორბლის ჩანასახი პლაზმის ტესტირება განხორციელდება, რათა დადასტურდეს მისი გამოყენების პროდუქტიულობა კახეთის რაიონში. 
“კომპანიამ წლეულს გადაწყვიტა განეხორციელებინა ეს მნიშვნელოვანი პროექტი და იმედოვნებს, რომ იგი წინ წასწევს დედოფლისწყაროს სოფლის მეურნეობის სექტორს და დაეხმარება მასში ჩართულ მრავალ ოჯახს. საბოლოოდ, პროექტის მიზანია დამკვიდრდეს უკეთესი ხორბლის მარცვალი და ტეხასში არსებული საუკეთესო პრაქტიკა კახეთის რაიონში ფერმერული ბიზნესების გასაუმჯობესებლად.

პროექტი ითვალისწინებს თანამშრომლობას ადგილობრივ ფერმერებთან მიღებული შედეგების გაზიარების მიზნით, ასევე თანამშრომლობას რეგიონალურ სასოფლო-სამეურნეო სასწავლო ინსტიტუტებთან”, – აცხადებენ “ფრონტერაში”.
კომპანიის ინფორმაციით, კახეთიდან ტეხასის სოფლის მეურნეობის და საინჟინრო უნივერსიტეტის ლაბორატორიაში გაიგზავნა ნიმუშები, ჩატარდა ნიადაგის კვლევა და ახლანდელი პროექტი ითვალისწინებს დაახლოებით 20 ჰექტარ მიწაზე ტეხასის სოფლის მეურნეობის და საინჟინრო უნივერსიტეტის “მარცვლეულის ბანკიდან” მიღებული ხორბლის სხვადასხვა სახეობის დათესვას მომავალი სავეგეტაციო სეზონისთვის. პირველ შედეგებს კი მომავალი წლის მოსავალთან ერთად, ივნისში ან ივლისში ელიან.