საქართველოში მყოფ უცხოელებს საიმიგრაციო ვიზის გაგრძელება ქვეყნიდან გასვლის გარეშე შეეძლებათ
ახალი კანონპროექტი პარლამენტს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ბარამიძემ წარუდგინა. ბარამიძის განცხადებით, ცვლილებების მთავარი მიზანია „პრაქტიკაში გამოვლენილი იმ ხარვეზების გამოსწორება“, რომლებიც 2014 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედებულმა ახალმა სავიზო და საიმიგრაციო წესებმა გამოიწვია. 12 ნოემბერს პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო.
გამკაცრებულმა სავიზო და საიმიგრაციო რეგულაციებმა საქართველოში მყოფ უცხოელებს პრობლემები შეუქმნა. ახალი წესების ამოქმედებამდე მათ საქართველოში უვიზოდ ყოფნა 360 დღის განმავლობაში შეეძლოთ, ახალი წესებით კი ეს დრო 90 დღემდე შემცირდა. ამასთან ერთად, 13 ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი საერთოდ გაუქმდა. 2014 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედებული ახალი რეგულაციების შემდეგ საქართველოში კანონიერად მყოფი დაახლოებით 2 000-მდე უცხოელი ქვეყნიდან გაძევების საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.
ახალი კანონპროექტის თანახმად, იმ პირებს, რომლებიც საქართველოში 2014 წლის 17 მარტის შემდეგ შემოვიდნენ და ამ ცვლილების ამოქმედების დროისთვის ისევ ქვეყანაში იქნებიან, 2015 წლის 1 მარტამდე საიმიგრაციო ვიზის ქვეყნიდან გაუსვლელად აღების ვადა ეძლევათ. ამისთვის მათ ვიზის ვადის გასვლამდე 45 დღით ადრე საგარეო საქმეთა სამინისტროს უნდა მიმართონ და მომსახურების ღირებულება – 100 ლარი გადაიხადონ.
ამჟამად, ვიზების აღება, ან გაგრძელება შესაძლებელია მხოლოდ საზღვარგარეთ არსებულ საქართველოს დიპლომატიურ მისიებში, განსაკუთრებულ შემთხვევებში კი სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე.
კანონპროექტში შეტანილი ცვლილების მიხედვით, 5-დან 10 დღემდე იზრდება საქართველოში ტრანზიტული მიზნებით უვიზოდ ყოფნის ვადაც. ტრანზიტული ვიზა გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მესამე სახელმწიფოში შესვლის მიზნით საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტით გავლისას პირი საქართველოს ტერიტორიაზე 10 დღის განმავლობაში ჩერდება.