ახმეტის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელების მშობლების ნაწილი ხელშეკრულებების გაფორმებას აპროტესტებენ
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 სექტემბრის 39-ე დადგენილების დებულების თანახმად, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ერთიანი სასწავლო-აღმზრდელობითი სისტემის მოქმედების წესებისა და სამუშაო რეჟიმის შესახებ კანონის ფარგლებში, ბაგა-ბაღებში აღსაზრდელების მშობლებთან ხელშეკრულებების გაფორმების პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც მშობლების ნაწილი აპროტესტებს.
ბაღის აღსაზრდელების მშობლების თქმით, ხელშეკრულების ფორმა, რომელიც მათ დაურიგდათ, არასრულია და ბუნდოვანი. ახმეტის ერთ-ერთი ბაღის აღსაზრდელის მშობლის, (სახელს მისივე თხოვნით არ ვასახელებთ) თქმით, მას ბაღში ბავშვის მიყვანა რამდენიმე წუთით დააგვიანდა და ის აღმზრდელებმა არ დაიტოვეს.
,,ბაღში 10 წუთის დაგვიანებით მივიყვანე ჩემი შვილი. ასე მითხრეს დროულად უნდა მოგეყვანა, ახლა აღარ მივიღებთო.
გარდა ამისა, ასევე, ხელშეკრულებების დადებას გვაიძულებენ, ასეა წესიო, გვეუბნებიან. ჩვენთვის მაინც ეკითხათ, რა არის უკეთესი ჩვენთვის და ჩვენი შვილებისთვის,’’ – განუცხადა ,,knews.ge-ს მშობელმა.
აღსაზრდელების სხვა მშობლების თქმით, მათ ხელშეკრულებების დადების პროცესი არ მოსწონთ და მასზე ხელის მოწერა ნებაყოფლობითი უნდა იყოს.
აღნიშნულ საკითხზე კომენტარისთვის ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელ ბექა ბაიდაურს დავუკავშირდით, თუმცა მან აღნიშნულ საკითხზე კომენტარი არ გააკეთა.