საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია 100 000 მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს
დღეს საქართველოს სამოციქულო, ავტოკეფალური, მართლმადიდებლური ეკლესია თბილისში წმინდა ათთა ბევრთა მოწამეთა ხსენებას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით უწმინდესი და უნეტრესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, ილია მეორე, მეტეხის ხიდზე, მოწამეებისადმი სავედრებელ პარაკლისს გადაიხდის.
“ინტერპრესნიუსს” საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა “დავითიანნიდან” აცნობეს, რომ ქალაქის სხვადასხვა უბნიდან მეტეხის ხიდისკენ ლოცვითი მსვლელობები გაიმართება. კერძოდ, 14:00 საათზე,დიდუბის პანთეონის მიმდებარე ტერიტორიიდან, მეტეხის ხიდის მიმართულებით ლოცვითი მსვლელობა დაიწყება, 15:00 საათზე კი, მომლოცველები ერთდროულად დაიძრებიან სპორტის სასახლის, მეტრო ისნისა და ვარდების მოედნის მიმდებარე ტერიტორიებიდან .
“დავითიანნში” აცხადებენ, რომ სპორტის სასახლიდან და დიდუბის პანთეონიდან მსვლელობის მონაწილეები ერთმანეთს შეუერთდებიან გმირთა მოედანზე. შემდეგ ისინი გადაინაცვლებენ ვარდების მოედანზე, სადაც ასევე შეკრებილ მსვლელობის მონაწილეებს შეუერთდებიან. ვარდების მოედნიდან კი სავარაუდოდ 16:00 საათისთვის სამღვდელოება, მრევლი, ბაირაღოსნები და მედროშეები, საზეიმო მსვლელობით წააბრძანებენ წმინდა 100 000 მოწამის ხატს მეტეხის ხიდამდე, სადაც მათ ასევე ისნიდან მომავალი მრევლი შეუერთდებათ.
“დავითიანნი” მსვლელობებში მონაწილეობით საზოგადოებას დღესასწაულის ერთობლივად აღნიშვნისკენ და ამით გმირი წინაპრების ხსოვნისადმი პატივის მიგებისკენ მოუწოდებს.
17:00 საათზე კი პატრიარქი მეტეხის ხიდზე აღავლენს პარაკლისს, რომლის დასრულების შემდეგ მოწამეთა პატივსაცემად მტკვარში ყვავილები ჩაიყრება.
1227 წელს, ჯალალ ედინის ბრძანებით, ხვარაზმელებმა, წმინდა ასი ათასი ქართველი სარწმუნოებისთვის აწამეს. ხვარაზმელებმა მეტეხის ხიდზე დაასვენეს მაცხოვრისა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატები და მოწამეებს უბრძანეს მათი შეურაცხყოფა და სარწმუნოების დატოვება. მარტვილებმა ჯალათების ბრძანება არ შეასრულეს. ხვარაზმელებმა ასი ათას ქართველს თავები მოჰკვეთეს და მტკვარში გადაყარეს.