საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი სოფიო შამანიდი პანკისის ხეობას ეწვია
საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი სოფიო შამანიდი პანკისის ხეობაში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სოფიო შამანიდი მოსახლეობის პრობლემებს ადგილზე გაეცნო, რომელთა შორის უპირველესი დასაქმების საკითხი იყო.
ადგილობრივების განცხადებით, უმუშევრობა სწორედ ის პრობლემაა, რომლის გამოც ახალგაზრდები ხეობას ტოვებენ. მოსახლეობასთან შეხვედრისას საუბარი ხეობაში რამდენიმე დღის წინათ მომხდარ ინციდენტსაც შეეხო. მოსახლეობის განცხადებით, ინციდენტს არანაირი ეთნიკური საფუძველი არ ჰქონია.
პრეზიდენტის მრჩეველმა დუისში ხეობის უხუცესთა საბჭოს წარმომადგენლები მოინახულა და ადგილობრივ მეჩეთში ხეობის იმამს ომარ ალდამოვს შეხვდა. სოფიო შამანიდი დუისის სკოლასაც ესტუმრა და პედაგოგებსა და მოსწავლეებს გაესაუბრა. როგორც მათ აღნიშნეს, დიდი სურვილი აქვთ, ადგილობრივ სკოლებში ჩეჩნური ენა ისწავლებოდეს, რის თაობაზეც განათლების სამინისტროს მიმართეს.