ახალი ამბები

სოფელ პატარძეულში ტურისტული საინფორმაციო ცენტრი გაიხსნება

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან მამაცაშვილმა და კომპანია “კახური ტრადიციული მევენახეობის” დამფუძნებელმა, ზურაბ ჩხაიძემ ის ტერიტორია და შენობა დაათვალიერეს, სადაც მალე ცენტრი ამოქმედდება. 

მათივე ინფორმაციით, საინფორმაციო ცენტრში მისულ ტურისტებს საშუალება ექნებათ, საქართველოს მასშტაბით არსებული ტურისტული ადგილებისა და ღირშესანიშნაობების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ, რაც მათ კონკრეტული ტურების დაგეგმვაში დაეხმარებათ.

საინფორმაციო ცენტრი უკვე აღიჭურვა ტურისტული ბროშურებითა და რუკებით, ცენტრი ტურისტებს უფასოდ მოემსახურება. საინფორმაციო ცენტრის გვერდით ტურისტებს საშუალება ექნებათ “კახური ტრადიციული მევენახეობის” ღვინო დააგემოვნონ. ამჟამად საქართველოს მასშტაბით ტურიზმის 21 საინფორმაციო ცენტრი ფუნქციონირებს.