თელავში თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის საკითხზე იმსჯელებენ
არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ “კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი” (CTC) და “სათემო განვითარების ცენტრი” (CDC) შეხვედრებს, პროექტ “თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობის დამატებითი ფორმების შექმნის ხელშეწყობის” ფარგლებში, ჩაატარებენ.
პირველი შეხვედრა დღეს, 12:00 საათზე, მესტიაში გაიმართება, ხოლო შემდეგ მარნეულში, თელავსა და თბილისში ჩატარდება.
პროექტს “თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობის დამატებითი ფორმების შექმნის ხელშეწყობა” ფონდი “ღია საზოგადოება საქართველო” პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს.
პროექტის მიზანია მოქალაქეების, სათემო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მაქსიმალური ჩართულობისა და მათთან კონსულტაციების გზით გადაიხედოს მოქალაქეთა მონაწილეობის დღეს არსებული მექანიზმები. პროექტი, ასევე, ითვალისწინებს “მოქალაქეთა მონაწილეობის დამატებითი ფორმების შექმნის” შესახებ ახალი კანონპროექტის მომზადებას, რომელიც დეკემბერში განსახილველად საქართველოს პარლამენტს წარედგინება.
პროექტის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციები მთელი ქვეყნის მასშტაბით 200-ზე მეტ საკონსულტაციო შეხვედრასა და მრგვალ მაგიდას გამართავენ.
პროექტის მიმდინარეობის შესახებ სიახლეები და სხვა დამატებითი ინფორმაცია განახლდება ვებგვერდზე www.droa.ge. და განთავსდება ფეისბუქის პროექტის ოფიციალურ გვერდზე: თვითმმართველობის დროა.