თელაველი სახალხო მკურნალი სახელმწიფოს მილიონზე მეტ ლარს სთხოვს
სახალხო მკურნალად წოდებული დომენტი გაგნიძე ხელისუფლებისგან სამართლიანობის აღდგენას ითხოვს და მილიონზე მეტ ლარს სთხოვს. გაგნიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 2011 წლის ოქტომბერში აღიძრა. გაგნიძე ამბობს, რომ მას წინა ხელისუფლებამ „პატიოსანი გზით ნაშოვნი ფული“და სამკურნალო პრეპარატების დასამზადებელი აპარატურა ჩამოართვა.
„ვერსიას“ ინფორმაციით, დომენტი გაგნიძე მილიონზე მეტი ლარის დაბრუნებასაც ითხოვს. გაგნიძე განმარტავს, რომ 2012 წლის თებერვალში ფინანსური პოლიციის თანამშრომლებმა მის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩაატარეს და მისი სეიფიდან 2 მილიონ 241 ათას 978 ლარი ამოიღეს. „ეს თანხა, როგორც ნივთმტკიცება ზედ დაერთო სისხლის სამართლის საქმეს და ჩარიცხეს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე. მერე საგამოძიებო ორგანომ უკანონოდ და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ნივთმტკიცებიდან 1, 239, 508 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხა. თითქოს ჩემი, როგორც „შპს დომენტი გაგნიძის ნატუროაფთიაქის“ საგადასახადო დავალიანების დასაფარად, დანარჩენი თანხა კი ისევ ნივთმტკიცებად დატოვეს. ერთი სიტყვით, ისე ჩამომართვეს ფული, რომ ამის არანაირი საფუძვლები არ გააჩნდათ. როგორ უნდა გადაწყვეტილიყო ჩემი საკუთარი ფულის სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვა, როცა სისხლის სამართლის საქმე არ დასრულებულა და სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია? დღესაც არ არის საქმე დასრულებული და გამოძიება მიმდინარეობს. კიდევ ერთი კურიოზი ისაა, რომ ამ გამოძიების პროცესში ჩემი ბრალეულობის საკითხი არავის დაუსვამს და საქმეში მხოლოდ მოწმის სტატუსით გავდივარ“- განაცხადა დომენტი გაგნიძემ.