თელავში ღვინის პირველი ფესტივალი გაიმართება
ღვინის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ ასეთი მასშტაბური ღვინის ფესტივალი თელავში პირველად ტარდება და მიზნად ისახავს ქართული მეღვინეობის, ვაზისა და ღვინის კულტურის წარმოჩენასა და პოპულარიზაციას.
სააგენტოს წარმომადგენლების განცხადებით, ღვინის ფესტივალი თელავქალაქობის ზეიმს ემთხვევა და ღონისძიენბაზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, დააგემოვნონ დიდი და მცირე ღვინის კომპანიების მიერ წარმოებული 500-მდე სხვადასხვა ასაკისა და ტიპის ღვინო.
ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს კახეთისა და, ასევე, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებული ღვინის 22 კომპანია. ფესტივალის ფარგლებში, ასევე, გაიმართება ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა. აქვე წარმოდგენილი იქნება ყველისა და თაფლის მწარმოებელი კომპანიები.
ფესტივალზე მისულ ყველა სტუმარს ელის საჩუქარი – მსოფლიოში ცნობილი კომპანია Spigelau-ს მიერ წარმოებული სადეგუსტაციო ჭიქა „თელავინო -2014“-ის ლოგოთი. მხოლოდ ამ დღეს ფესტივალის სტუმარს ეძლევა შანსი, სადეგუსტაციო ჭიქის წარდგენისას, 20%-იანი ფასდაკლებით, შეიძინოს უამრავი სახეობის ქართული ღვინო.
გამოფენა თელავის თეატრში გაიმართება და 12.00-დან 18.00 საათამდე გასტანს.
თელავის ღვინის ფესტივალის ტარდება “კახეთის მეღვინეთა გილდიას“, ღვინის ეროვნული სააგენტოს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის, თელავის მერიის, თელავის თეატრის, კომპანია „ბორჯომის“, თელავის ფესტივალ „NEW ნადიმისა“ და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით.
„კახეთის მეღვინეთა გილდია“ შეიქმნა 2014 წელს და აერთიანებს ღვინის 12 კომპანიას. გილდიის მისიაა კახეთის რეგიონში ღვინის ტურიზმის ხელშეწყობა, ღვინის კულტურის, ქართული ტრადიციებისა და ისტორიული ფასეულობების გაცნობა უცხოელი ტურისტებისა და ქართული საზოგადოებისთვის.