ახალი ამბები

თელავის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრს 2 ახალი მანქანა გადაეცა

სამედიცინო წესით აღჭურვილი, FORD-ის მარკის 2 ავტომობილი თელავის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრსდღეს გადაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. 
უწყებისვე ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, რაიონულ ცენტრებში მანქანები პროპორციული წესით გადანაწილდება. სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ავტოპარკი სრულად 2015 წლის დასაწყისისთვის FORD-ის საშუალო გამავლობის 80 და VOLKSWAGEN -ის მარკის მაღალი გამავლობის 100 ავტომობილით განახლდება. 
ავტოპარკის განახლების პროცესი დღეიდან დაიწყო. ავტომობილები რეგიონებში ეტაპობრივად, გეოგრაფიული ფაქტორის გათვალისწინებით განაწილდება.

“ეს არის თანამედროვედ აღჭურვილი მანქანები და ყველა პირობაა იმისთვის, რომ მოხდეს პაციენტების უსაფრთხოდ გადაყვანა. 2005 წელს რეგიონებში შევიდა „უაზის“ ტიპის ავტომანქანები, რომლებიც იყო გაუმართავი და ამავდროულად, წარმოადგენდა არა სახელმწიფო, არამედ სადაზღვევო კომპანიების კუთვნილებას. სერვისი იყო კატასტროფული. ავტომობილების უმრავლესობა იყო გაუმართავ მდგომარეობაში, რის გამოც, ვერ ხდებოდა პაციენტების უსაფრთხო გადაყვანა. იმის გამო, რომ გაუმართაობის მიზეზით მანქანა გზაში ჩერდებოდა, ყოფილა ფატალური შემთხვევებიც. ავტოპარკი მთელი საქართველოს მასშტაბით განახლდება და ყველა რეგიონში იქნება თანამედროვე ტიპის სასწრაფო დახმარების მანქანები. ეს არის ჩვენი ჯანდაცვის პაკეტის შემადგენელი ნაწილი, რომლითაც ჩვენ მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვას უზრუნველვყოფთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.