ახალი ამბები

თელავში ძალადობასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართება

თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში,  მრგვალი მაგიდის დისკუსია გაიმართება სახელწოდებით: არა ძალადობას! არა ფემიციდს! შეხვედრის მიზანია ჩამოყალიბდეს ქალთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების სამუშაო ჯგუფი, შემუშავდეს ერთობლივი მოქმედების გეგმა და უზრუნველყოფილ იქნას საზოგადოების ჩართულობა ამ გეგმის განხორციელებაში.  შეხვედრას თელავის გენდერული თანასწორობის კლუბის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, უფლებადამცველის წარმომადგენლები დაესწრებიან.
როგორც დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში აცხადებენ, ასევე მნიშვნელოვანია ამაღლდეს საზოგადოების ფართო მასების ცნობიერება ძალადობის შესახებ, საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს ამ ბოლო დროს ქალთა მიმართ გახშირებული ძალადობისა და გაზრდილი ფემიციდის გამომწვევ მიზეზებზე და მათი პრევენციის ეფექტურ გზებზე. 
,,ბოლო ათწლეულის განმავლობაში ქვეყანაში უამრავი ინიციატივა და მასშტაბური პროგრამა განხორციელდა, რომელიც მიმართული იყო ქალთა უფლებების დაცვასა და გენდერული თანასწორობის გაძლიერებაზე. ამის მიუხედავად ქალთა მიმართ ძალადობა ქვეყნის მასშტაბით საშიშ ზღვარს აღწევს და საჭიროებს დროულ რეაგირებას, როგორც სამართალდამცავი ორგანოების ასევე, საგანმანათლებლო – საზოგადოებრივი ინსტიტუტების მხრიდან,’’- აცხადებენ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში.
შეხვედრის ფარგლებში ასევე მომზადდება მიმართვა ქალთა საკითხებზე მომუშავე სხვა ორგანიზაციებისადმი, რათა ჩამოყალიბდეს ერთიანი სამუშაო ჯგუფი და სამოქმედო გეგმა.

შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყება.