20 მლნ ლარი მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამისთვის
1 ნოემბრიდან მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა ამოქმედდება. ,,მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამისთვის”, რომელიც 2014 წლის 1 ნოემბრიდან ამოქმედდება, საქართველოს მთავრობამ 20 მლნ ლარი გამოყო. პროგრამის ფარგლებში თითოეული ბენეფიციარი 5000 ლარით დაფინანსდება.
მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დირექტორის, გიორგი ციკოლიას განცხადებით, პროგრამა 26 თვის განმავლობაში განხორციელდება და ის 1 ნოემბრიდან დაიწყება.
პროგრამა გათვლილია რეგიონის მოსახლეობაზე (თბილისის გარდა) და ითვალისწინებს მიკრო და მცირე ბიზნესის დაფინანსებას რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის (3 315 300 ადამიანი) პროპორციულად. პროგრამის საერთო ბიუჯეტი 20 მლნ ლარია.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლით როგორც უკვე არსებულ, ისე დამწყებ მეწარმეებს და არანაკლებ სამი მეწარმე სუბიექტისგან შექმნილ ამხანაგობებს. დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა ერთ მეწარმეზე 5000 ლარია, მეწარმეთა ჯგუფის შემთხვევაში კი 15 000 ლარი. დაფინანსების მისაღებად აუცილებელი პირობაა მეწარმეთა თანამონაწილეობა.
თანამონაწილეობის წილი განსაზღვრულია დაფინანსების თანხის არანაკლებ 20%-ით. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ტექნიკური დახმარება ტრენინგების, სტაჟირებების და ინდივიდუალური კონსულტაციების მეშვეობით.
გიორგი ციკოლიას განმარტებით, პროგრამის მიზანია ქვეყანაში მიკრო და მცირე ბიზნესის და რეგიონული ბაზრების განვითარება, მეწარმე სუბიექტების მხარდაჭერა, მოსახლეობის შემოსავლების ზრდა, ეკონომიკურად მოწყვლად რეგიონებში მიკრობიზნესის წამოწყების ხელშემწყობი პროგრამების დანერგვა და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა.

