ახალი ამბები

ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე დასრულდა ტურისტული თავშესაფრის სამშენებლო სამუშაოები

ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე დასრულდა ტურისტული თავშესაფრის – „დემიდოვის ბინის“ სამშენებლო სამუშაოები. თავშესაფარი, ზღვის დონიდან, 2650 მეტრ სიმაღლეზეა განთავსებული.  ტურისტული თავშესაფრის მოწყობის შემდგომ,2015 წლის ტურისტულ სეზონამდე, ლაგოდეხის ყველაზე რთული, “შავი კლდეების ტბის მარშრუტი” წრიულ ბილიკად გადაკეთდება. სამუშაოების ფარგლებში გაიწმინდება 10 კმ-იანი ბილიკი, რომელიც გაზრდის ბილიკის გამტარუნარიანობას და საერთო მანძილს დაახლოებით 10 კმ-ით შეამცირებს. 
რაც შეეხება თაშესაფრის სახელს – „დემიდოვის ბინას“. 1903 წელს რუსეთის მეფის მთავრობამ ლაგოდეხის ხეობა სანადიროდ იჯარით გადასცა ცნობილ მიწათმფლობელს და მრეწველს დემიდოვ სან-დონატოს. დემიდოვმა იქირავა თუში მცველები, რომლებიც მის სანადირო მეურნეობას ბრაკონიერებისგან იცავდნენ. ამ ტერიტორიებზე ნადირობის უფლება მხოლოდ დემიდოვის ოჯახის წევრებსა და მის სტუმრებს ჰქონდათ. დემიდოვს ტერიტორიაზე მოწყობილი ჰქონდა სამონადირეო სახლები, მაგრამ, გადმოცემით, ნადირობის დროს მას ძალიან უყვარდა ღამისთევა ერთ პატარა გამოქვაბულში, კუდიგორის მთასთან, სწორედ იმ ადგილთან, სადაც ახლა კოტეჯი შენდება, ამიტომაც ამ გამოქვაბულს წლების წინ „დემიდოვის ბინის“ სახელი დაერქვა.
ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ინფორმაციით, ტურისტული თავშესაფრის – „დემიდოვის ბინის“ პროექტი მომზადდა დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კავკასიის ბუნების ფონდის (CNF)ერთობლივი მუშაობით, ხოლო მშენებლობა კი განხორციელდა ფონდ “ქართუს” მხარდაჭერით.