როდის დაიწყება თანამედროვე სარწყავი სისტემების ინსტალაცია კახეთში
კახეთში სარწყავი სისტემა კვლავ მოუწესრიგებელია. კახელი გლეხები სისტემის გაუმართაობაზე წლებია, ჩივიან. თითქმის ყველა სოფელში მოშლილია სარწყავი და სადრენაჟო სისტემები.
გვალვამ კახეთში მოსახლეობას ზარალი მიაყენა და საფრთხე შეუქმნა სოფლის მეურნეობის კულტურებს.
პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელ გიგლა აგულაშვილის განცხადებით, გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანია დანადგარის 7-8 ერთეულის შეძენას გეგმავს:
,,არხის სიახლოვიდან მიმდებარედ შესაძლებელია ჩაიყაროს მილები და გვალვის პერიოდში დადგეს ე.წ ,,ესემპე”. გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანია ამ დანადგარის 7-8 ერთეულის შეძენას გეგმავს. გვალვის პერიოდში სისტემას ადგილზე ჩაიტანენ და უკვე გამზადებულ მილსადენზე მიაერთებენ. სადაც არა არის არხები, იქ უნდა დაიბურღოს არტეზიული ჭები და განსაკუთრებით მრავალწლოვანი კულტურებისათვის დამონტაჟდეს მორწყვის წვეთოვანი სისტემები. ხარჯებისა და წყლითსარგებლობის ფასი თითოეულ შემთხვევაში ინდივიდუალურად გამოითვლება.
სასურველია, რომ მოსახლეობამ დაიწყოს თანამედროვე სარწყავი სისტემების ინსტალაცია, რითაც, როგორც წყლის მოხმარებას შეამცირებს, ისე შრომის ნაყოფიერებასაც აამაღლებს, მიწას დაიცავს ჩარეცხვისაგან, ხოლო მცენარეს ჭარბი ტენის აორთქლებით გამოწვეული დაავადებებისაგან. ვხვდები ბევრ ადამიანს, მაგრამ, სამწუხაროდ, არავის გამოუთქვამს ასეთი ტექნოლოგიების დანერგვის სურვილი. ვფიქრობ, ჩვენ უნდა წავახალისოთ ეს პროცესი”, – განაცხადა knews.ge-სთან პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა გიგლა აგულაშვილმა.