ჩოლოყაშვილების ისტორიული ციხე-სიმაგრე დანგრევის პირასაა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლალისყურში ოთხი საუკუნის წინ აგებული ჩოლოყაშვილების ციხე-სიმაგრე ინგრევა. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სარემონტო სამუშაოებისათვის 2014 წლის ბიუჯეტში თანხა არ არის გათვალისწინებული. ადგილობრივი მოსახლეობა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსგან საკითხით დაინტერესებას მოითხოვს. სააგენტოში კი აცხადებენ, რომ, თანხის არქონის გამო, 2014 წელს ჩოლოყაშვილების ციხე-სიმაგრეში სარემონტო სამუშაოებს ვერ დაიწყებენ.
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ვალერიან ელანიძე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის აღდგენის აუცლებლობაზე საუბრობს. ელანიძე განმარტავს, რომ ციხე-სიმაგრეში აღდგენითი სამუშაოები მას შემდეგ უნდა დაიწყოს, რაც სპეციალისტებს ექნებათ ამ ძეგლის პირვანდელი სახის ამსახველი დოკუმენტები:
-„ეს უნიკალური ისტორიული ძეგლი დანგრევამდე არ უნდა მისულიყო. კულტურული მემკვიდრეობის ასეთი ძეგლები უნდა აღვადგინოთ, თუმცა ამ საქმეს დიდი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ. აუციელებელია, რომ სარემონტო სამუშაოების დროს შენარჩუნდეს სიძველე და ამ ისტორიულმა ციხე-სიმაგრემ პირვანდელი სახე დაიბრუნოს. ამას კი სჭირდება შესაბამისი მასალები“, – ამბობს ვალერიან ელანიძე.