კახეთში გაზაფხულზე 100 ათასი ჰექტრის მორწყვა იქნება შესაძლებელი
2012 წლისათვის მთელ საქართველოში ირწყვებოდა 20 ათას ჰექტრამდე ფართობი. წელს, წყალუზრუნველყოფილი იყო 70 ათასი ჰა. მელიორაციის პროგრამის ფარგლებში, მომავალი რწყვის სეზონისათვის, შესაძლებელი იქნება 100 ათასი ჰექტრის მორწყვა. აღნიშნული პროგრამა გრძელდება და 2017 წლისათვის დაგეგმილია 240 ათასი ჰექტრის გასარწყავება.
ამჟამად, სიღნაღის რაიონში, სოფელ ერისიმედთან მიმდინარეობს სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია, რის შედეგადაც დაახლოებით 1500 ჰექტრის სასოფლო-სამეურნეო სავარგულის მორწყვის საშუალება იქნება. სამუშაოების ღირებულება შეადგენს დაახლოებით 4 მილიონ ლარს:
,,უნდა დავთვალოთ საპროექტო და საექსპლუატაციო ხარჯები და რენტაბელობა. ზედა სოფლებში, სადაც წყლის აწევის საჭიროება მერყეობს 120-150 მეტრამდე, აუცილებელია სატუმბი სადგურები, რაც ასევე მოითხოვს ელენერგიას და, შესაბამისად, ამ ენერგიის ღირებულების გადასახადსაც”, – განაცხადა knews.ge-სთან პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა გიგლა აგულაშვილმა.