ახალი ამბები

საია ქალთა მიმართ განხორციელებული ძალადობის შემთხვევების შესწავლას იწყებს

არასამთავრობო ორგანიზაცია შეისწავლის 2014 წელს დაფიქსირებულ ოჯახურ ძალადობასა და მის შედეგად მომხდარ მკვლელობებს. საიას თელავის ოფისის ხელმძღვანელის, მარეხ მგალობლიშვილის განცხადებით, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ასევე, მონიტორინგს გაუწევს სამართალდამცავი ორგანოების ქმედებებს იყო თუ არა დროული და ადეკვატური რეაგირება, რომლის შემდეგაც ორგანიზაცია თითოეულ უწყებას რეკომენდაციებით მიმართავს. 
„მონიტორინგი ითვალისწინებს განსაკუთრებით ისეთი საქმეების შესწავლას, როდესაც მსხვერპლმა მიმართა შესაბამის ორგანოებს და გვაინტერესებს რა რეგირება მოჰყვა ამ ორგანოების მხრიდან. ჩვენ პერიოდულად გამოვაქვეყნებთ ანგარიშებს მიმდინარე საქმეებისა და რეკომენდაციების შესახებ“, – განაცხადა მარეხ მგალობლიშვილმა. 
17 ოქტომბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ქალთა მიმართ განხორციელებული გახშირებული ძალადობის შემთხვევებთან დაკავშირებით, სპეციალური განცხადება გაავრცელა. საია გმობს ქალთა მიმართ ძალადობას, რამაც ბოლო თვეების განმავლობაში შემაშფოთებელი მასშტაბები და ფორმები შეიძინა. საია მოუწოდებს ხელისუფლებას, მიიღოს სასწრაფო ზომები დამნაშავეთა კანონის სრული სიმკაცრით დასასჯელად და ქალთა მიმართ ძალადობის ეფექტური პრევენციისათვის; კრიტიკულად გააანალიზოს დღეს მოქმედი კანონმდებლობა და პრაქტიკა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ და მიიღოს ზომები არსებული ხარვეზების აღმოსაფრხველად; აწარმოოს პრაქტული პოლიტიკა ძალადობის შემთხვევების გამოვლენის და პრევენციის მიმართულებით; გააძლიეროს ოჯახში ძალადობის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია და ამ პროცესში განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს რისკ-ჯგუფების წარმომადგენლებს.
„მოვუწოდებთ შსს და პროკურატურას: დეტალურად შეისწავლონ ქალთა მკვლელობების თითოეულ შემთხვევაში მიმართა თუ არა მსხვერპლმა პოლიციის და/ან პროკურატურის მუშაკებს და რამდენად დროული, ეფექტური და ჯეროვანი რეაგირება განახორციელეს მათ მსგავს ფაქტებზე. ამ უკანასკნელთა მხრიდან არაჯეროვანი რეაგირების ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში, მათ მიმართ გამოყენებულ უნდა იქნას კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები, მათ შორის, უნდა იქნეს შესწავლილი ხომ არ იკვეთება პოლიცილეთა უმოქმედებაში სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის – სამსახურებრივი გულგრილობის ნიშნები. მოვუწოდებთ პოლიტიკური თანამდებობის პირებს და ყველა საზოგადოებრივ ორგანიზაციას, განსაკუთრებით რელიგიურ ინსტიტუტებს: საჯაროდ და უპირობოდ დაგმონ ქალთა მიმართ ძალადობის ნებისმიერი გამოვლინება; ამავე დროს, თავი შეიკავონ ყველა იმ მოქმედებისგან, რამაც შეიძლება თუნდაც არაპირდაპირ ხელი შეუწყოს საზოგადოებაში გენდერული სტერეოტიპების გაძლიერებას“, – აღნიშნულია საიას მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაში.