ახალი ამბები

თელავის მედია კაფეში ფოტო-ვიდეო გამოფენა გაიმართა

დღეს თელავის მედია კაფეში საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია თელავის ახალგაზრდობის ქრისტიანულმა ასოციაციამ ფოტო – ვიდეო გამოფენა გამართა. გამოფენის მონაწილეებმა წარმოადგინეს ძველი და ახალი თელავის, ომამდე და ომის დროს აფხაზეთისა და თელავის წმ. გიორგის გორიჯვრის სახელობის ეკლესიის ფოტო მატიანე. თელავის ახალგაზრდული ქრისტიანული ასოციაციის აღმსარულებელი დირექტორის პაატა აბრამიშვილის განცხადებით, ფოტო-ვიდეო გამოფენას ჰქონდა ისტორიული დატვირთვა. 
„გვინდოდა, რომ ბავშვებს მიეღოთ მონაწილეობა და წარმოეჩინათ ისტორიული დატვირთვა. ვფიქრობ, რომ პროექტი შედგა, რადგან ბავშვებმა გაითავისეს ყველა ეს საკითხი, ჩაატარეს გამოკითხვები, გაითვალისწინეს ყველას აზრი და შემაჯამებლად გადმოსცეს“, – აღნიშნა პაატა აბრამიშვილმა.
გამოფენაში მონაწილეობდა 16-დან 18 წლამდე ასაკის თელავის სხვადასხვა საჯარო სკოლის 13 მოსწავლე. ფოტო-ვიდეო გამოფენა გაიმართა პროექტის „მეხსიერება, ახალგაზრდობა, პოლიტიკური მემკვიდრეობა და ახალგაზრდული ჩართულობა“ ფარგლებში.